Former footballer Gianfranco Zola of Italy in action during Scot-Luxe Celebrity Pro-AM one ahead of the Staysure PGA Seniors Championship hosted by...იტალიური ფეხბურთის დიდმა ვარსკვლავმა ჯანფრანკო ძოლამ პროფესიულ ფეხბურთში 1984-დან 2005 წლამდე დაჰყო. საუკეთესო პერიოდში ის თამაშობდა „ნაპოლიში”, „პარმასა” და „ჩელსიში”. ყველაზე მეტი დრო ძოლამ ლონდონში გაატარა. ის გახდა იტალიის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი, მოიპოვა უეფას, თასების მფლობელთა და ევროპის სუპერთასები. 1994 წლის მუნდიალზე „სკუადრა აძურასთან” ერთად ძოლა მეორე ადგილზე გავიდა. იტალიის ნაკრებში 168 სანტიმეტრი სიმაღლის თავდამსხმელმა 35 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.

ამ დღეებში ჯანფრანკო ძოლამ „გაძეტა დელო სპორტს” ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ნაკრებზე, სკუდეტოსთვის ბრძოლასა და ევროსარბიელზე იტალიური კლუბების გამოსვლაზე ილაპარაკა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:

…ჩვენი ნაკრების ხარისხი ცოტა გამოსწორდა. ოდნავ უფრო შემტევ და პროვოკაციულ ფეხბურთს ვთამაშობთ. რამდენიმე წლის წინანდელთან შედარებით შედეგის მიღწევას თამაშით ვცდილობთ. ადრე მთლიანად ტაქტიკასა და დაცვაზე ვიყავით ფოკუსირებული, ეს კი დღევანდელ ფეხბურთში ნაკლებად წარმატებული საქმეა…

…„ატალანტამ” წლეულს ევროპის ლიგა მოიგო. ის „ინტერის” მსგავსად კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ევროპულ სარბიელზე გამოსვლა ცოტა სხვაა. რასაკვირველია, სერია A-ში იმარჯვებენ გუნდები, რომლებიც სხვებთან შედარებით უპირატესობას ფლობენ, მაგრამ ევროთასებზე ჩვენს ჩემპიონატთან შედარებით კიდევ უფრო მაღალ დონეზე გვიწევს გამოსვლა…

…„ინტერი” სოლიდური სტრუქტურის გუნდია, რომელსაც ტექნიკური თუ ტაქტიკური თვასაზრისით წლეულს ბევრი არაფერი შეუცვლია, მაგრამ მაინც სხვებზე წინ არის. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ამ სეზონში დიდი კონკურენცია იქნება…

…ერთი თამაშით მსჯელობა არ შეიძლება, მაგრამ თუკი მაინც პირველი ტურით ვიმსჯელებთ, „ატალანტამ” დატოვა ძალიან კარგი შთაბეჭდილება. „იუვემ” კარგად დაიწყო და მგონი დიდი შედეგების მიღწევა შეუძლია. მე ტურინელების გუნდი ძალიან მომწონს. მომწონს მათი სათამაშო სტრუქტურაც. „იუვეს” განკარგულებაში არიან როგორც ნიჭიერი ახალგაზრდები, ასევე გამოცდილი ვეტერანები. ეს გუნდი საკუთარი თავის რწმენას ასხივებს…

…როგორც გითხარით, გასულ სეზონში „ინტერმა” შექმნა სხვა გუნდებთან შედარებით დიდი უპირატესობა, მაგრამ ამ ჩემპიონატში ერთი ცხენის დოღი ნამდვილად არ იქნება. ძალიან კონკურენტუნარიანები იქნებიან „იუვე”, „მილანი”, „ატალანტა”. საინტერესო ჩემპიონატი გველის, რომელშიც „ინტერი” სხვებთან ერთად „ნაპოლისაც” უნდა უფრთხოდეს…