ახლა უკვე აშკარაა, რომ „პარი სენ ჟერმენი” ვიქტორ ოსიმენის ყიდვას ჭოჭმანობს. ამიტომ „ნაპოლიმ” გადაწყვიტა ტაქტიკა შეცვალოს და „ჩელსის” დაელაპარაკოს. ასეთია ცნობა, რომელიც ადრე ტრანსფერების ექსპერტმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა, ახლა კი ინგლისურმა გაზეთმა „გარდიანმა” დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის” ახალ მწვრთნელს ანტონიო კონტეს „ჩელსისგან” ბელგიელი თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს ყიდვა უნდა, ამისთვის კი ფული სჭირდება. „ნაპოლის” ამ ფულის შოვნის ხერხად ოსიმენის გაყიდვა ესახებოდა, მაგრამ საქმე ისე არ აეწყო, როგორც იტალიური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს უნდოდა. ახლა დე ლაურენტისი ფიქრობს ოსიმენი უშუალოდ „ჩელსის” შესთავაზოს. სურს, რომ ის ლუკაკუში გაცვალოს და ლონდონელებს ფული დაამატებინოს.
„გარდიანი” წერს: „ამ დღეებში ლუკაკუ კობჰემში „ჩელსის” საწვრთნელ ცენტრში დაბრუნდება. ის ლონდონური კლუბის იმ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშებს, რომლებიც აშშ-ის მოსამზადებელ ბანაკში არ ყოფილან. კონტრაქტის თანახმად მას „ჩელსისთან” კიდევ ორი წელიწადი აკავშირებს, თუმცა ამბობენ, რომ „ნაპოლის” სამწლიან თანამშრომლობას დაჰპირდა. ინგლისელებს ლუკაკუს სანაცვლოდ 30 მილიონი გირვანქის მიღება უნდათ. „ნაპოლისთან” მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იტალიურ კლუბს სატრანსფერო ბაზრისთვის ვიქტორ ოსიმენის გაყიდვა სჭირდება.
თავის მხრივ „ჩელსის” კარგა ხანია ოსიმენის შეძენა სურს, თუმცა კლუბთან დაახლოებულმა პირებმა თქვეს, რომ მისი გამოსასყიდი თანხის (130 მილიონი ევროს) გადასახდელად „ლურჯები” მზად არ არიან. იქნებ ლუკაკუს ხელფასისგან გათავისუფლებამ ლონდონელებს საჭირო ფინანსები გამოუჩინოს”.