Khvicha Kvaratskhelia and Michael Folorunsho of SSC Napoli compete for the ball during the afternoon training session at Teofilo Patini stadium on...
მაიკლ ფოლორანშო და ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშზე

ჯოვანი იგივე ჯანი იმპორტა გახლავთ 76 წლის ვეტერანი ნახევარმცველი, რომელიც სერია A-ს გუნდებიდან თამაშობდა „ნაპოლიში”, „კატანძაროსა” და „სამპდორიაში”. იმპორტა „ნაპოლიში” 1967-68, 1969-73 და 1979-80 წლებში გამოდიოდა, ჯამში მონაწილეობა მიიღო 131 შეხვედრაში და გაიტანა 15 გოლი. კვირას კასტელ დი სანგროში იმპორტა, როგორც ყოფილი ფეხბურთელი, „პარტენოპეელებმა” „ეგნატიასთან” შეხვედრაზე დაპატიჟეს და ნება დართეს სათადარიგოთა სკამთან მჯდარიყო. მატჩის შემდეგ ვეტერანმა tuttonapoli-ს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა:

„მინდა დიდი მადლობა ვუთხრა „ნაპოლის”, რომელმაც ნება დამრთო თამაში სათადარიგოთა სკამიდან მეყურებინა. ანტონიო კონტესთან შეხვედრა და გაბრიელე ორეალისთან ჩახუტება ძალიან სასიამოვნო იყო. ეს გახლდათ ადამიანის პატივისცემის დემონსტრაცია, რაც ასე ახასიათებდა ადრინდელ ფეხბურთს. კარგი იქნებოდა ბევრი მაშინდელი რამ დღევანდელ ფეხბურთში დაბრუნებულიყო.

ვნახე თამაში და მივხვდი, რომ კონტე ცდილობს ფეხბურთელებს თავისი ტაქტიკური შეხედულებები სისხლსა და ხორცში გაუჯინოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ გუნდის განკარგულებაში არიან უნივერსალური ფეხბურთელები, მივხვდებით, რომ მწვრთნელს ხან სამკაციანი, ხანაც ოთხკაციანი დაცვით თამაშის ფუფუნება აქვს. მას შეუძლია ნახევარდაცვაში ჩამშლელად ხან ერთი კაცი დააყენოს, ხანაც ორი. დავინახე, რომ კონტე შემთხვევითობას არაფერს უტოვებს. ყველაფერი გათვლილი ექნება. მაიკლ ფოლორანშო (ნახევარმცველი, რომელიც „ნაპოლის” ეკუთვნოდა, მაგრამ 2019 წლიდან იჯარით იყო გაშვებული, ახლა კი კლუბმა ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა) მისთვის შესაფერისი მოთამაშეა, რადგან ის ფიზიკურად ძლიერია და იმავდოულად ტექნიკურია. ფოლორანშომ იცის როგორ ჩაერთოს შეტევაში.

„ნაპოლის” სათადარიგოთა სკამთან ჯდომის წუთებში მე დავინახე უკიდურესად კონცენტრირებული კონტე, სხვა ეპოქიდან მოსული სუფლიორი, რომელიც თავის ფეხბურთელებს მუდმივად და სწორად კარნახობს, ზუსტად იცის რა უნდა და ცდილობს გუნდს ჩაუნერგოს მენტალიტეტი, რომლისთვისაც დანებება უცხოა. დარწმუნებული ვარ, რომ აღორძინების გზაზე დამდგარი „ნაპოლი” თავისი ფეხბურთით ძალიან გვასიამოვნებს. ეს გუნდი მუდამ ბურთთან იქნება”.