ფეხბურთში მნიშვნელოვან ცვლილებაზე ფიქრობენ: ფიფასა და თამაშის წესებზე პასუხისმგებელ ორგანიზაცია IFAB-ს თამაშგარე მდგომარეობის გადასხვაფერება დასჯდომიათ ჭკუაში.

იდეა ლეგენდარულ არსენ ვენგერს ეკუთვნის და მიზნად შეტევის წახალისებას ისახავს.

ვენგერსა და მის მხარდამჭერებს უნდათ, რომ ფეხბურთი უფრო უხვგოლიანი და სანახაობრივი გახდეს. კერძოდ, მოსაზრება ასეთია: თანამსაჯმა ალამი მხოლოდ იმ შემთხვევაში აწიოს, თუ შემტევი ფეხბურთელის სხეული მცველის სხეულზე მთლიანად წინ არის. სხვა სიტყვებით, მილიმეტრების თვლა საკმარისია. თუკი შემტევისა და მცველის სხეულები სადმე იკვეთება — შეტევა არ გაჩერდება.

ოფსაიდის ამ ვერსიას ფიფა ვაჟთა და ქალთა ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე დატესტავს.

უეფას განვითარებისა და ტექნიკური თანადგომის კომიტეტის წევრმა, შვედმა პერ ვიდენმა თქვა:

„თავიდან ცოტა არ იყოს დავეჭვდით და თავს ვიკავებით, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობა უნდა მიგვეღო. ასეთ საქმეში პირველივე დღიდან ჩართვა სახალისოც კი არის.  ფიფამ იდეა კარგად შეგვიფუთა და ისე მოგვაწოდა. იქ ფეხბურთის მომავლისა სწამთ და თან იციან, რომ ჩვენ მაღალი დონის ორგანიზაცია გვაქვს”