ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველად, ფეხბურთში, შესაძლოა, ახალი ფერის (ლურჯი) ბარათი გამოჩნდეს. ანონსის შემდეგ, სპორტულ სამყაროში ამ ცვლილებას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. მის წინააღმდეგ თითქმის ყველამ გაილაშქრა, მათ შორის, უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა. როგორც ჩანს Ifab-ში (ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭო) ასეთ რეაქციას არ ელოდნენ და გადაწყვეტილება დროებით დაიბლოკა.
ფეხბურთში ლურჯი ბარეთი დაახლოებით ისეთი ბარათი იქნება, როგორც რაგბიში Sin-Bin-ი. მსაჯთან კამათისთვის, სიმულაციისთვის, ბურთის გადაგდებისთვის ან რამე არასპორტული საქციელისთვის არბიტრს ფეხბურთელის მოედნიდან 10 წუთით გაძევება შეეძლება.
უელსის ფეხბურთის ასოციაცია ლურჯი ბარათის გამოყენებას უკვე ამ სეზონში გეგმავს. ბარათის ფერი ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მხოლოდ ერთი მითითებაა, რომ ის ყვითელი და წითელი ფერისგან მკვეთრად განსხვავდებოდეს. პროტოკოლის მიხედვით, ლურჯ ბარათებს ლიმიტიც უნდა ჰქონდეთ – ორი ლურჯი ბარათის ან ყვითელი და ლურჯი ბარათის მიღების შემთხვევაში, ის ავტომატურად წითელი გახდეს და ფეხბურთელს მოედანი დაატოვებინონ.
როგორც სატესტო ვერსია, შესაძლოა, შემდეგ სეზონში, ის ინგლისის FA Cup-სა და ქალთა Fa Cup-ში გამოსცადონ. ლურჯი ბარათი კარს მომდგარ ევროპის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ სეზონში გამოყენებული არ იქნება. ალექსანდრ ჩეფერინმა „ტელეგრაფს“ უთხრა, რომ ამ იდეის წინააღმდეგია – „ეს ფეხბურთი აღარ იქნება“. მიუხედავად ჩეფერინის წინააღმდეგობისა, ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოში ამბობენ, რომ ლურჯი ბარათის შემოღება აუცილებელია, რადგან ბოლო დროს ფეხბურთელების ქცევა „სიმსივნეს ჰგავს და ფეხბურთს კლავს“.
სხვათა შორის, ბარათები პირველად მექსიკაში, მსოფლიო 1970 წლის ჩემპიონატზე გამოჩნდა – ისტორიაში პირველი ორი ყვითელი კი, გახსნის მატჩში, მექსიკასთან, „აცტეკაზე“, ქართველმა ფეხბურთელებმა, კახი ასათიანმა (30-ე წუთი) და გივი ნოდიამ (31-ე წუთი) მიიღეს.