მართალია გუშინ, „ნაპოლის” ტოპ-მენეჯერთა და რუდი გარსიას შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ფრანგი გუნდში დარჩება, მაგრამ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ალბათობა მაინც ძალიან მაღალია. კლუბის მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი მის შესაძლო შემცვლელებზე ფიქრობს, რომელთა შორის ხორვატ იგორ ტუდორსაც მოიაზრებს. ტუდორი 45 წლის არის. ფეხბურთელობისას მცველი იყო. ხორვატიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 55 მატჩი. გამოიცვალა ხუთი კლუბი. 1998-2007 წლებში თამაშობდა „იუვენტუსში”. ის გახლავთ 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანი და იტალიის ორგზის ჩემპიონი. 2002-03 წლების სეზონში ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც პენალტებში წააგო კახა კალაძის „მილანთან”.
იტალიური მედია ცდილობს წინასწარ განსაზღვროს, როგორ ფეხბურთს ითამაშებს ტუდორის ხელში „ნაპოლი”. calciomercato წერს, რომ ხორვატს უყვარს 4-2-3-1 განლაგება. ის მიმართავს პრესინგს მეტოქის ნახევარზე, რათა დაკარგული ბურთი შეტევის ზონაშივე დაიბრუნოს და მოწინააღმდეგეს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს. პორტალის აზრით, ამ ეტაპზე ტუდორის სასტარტო შემადგენლობა იქნებოდა: მერეტი; დი ლორენცო, ოსტეგორი, ნატანი, ოლივერა; ანგისა, ლობოტკა; პოლიტანო, ჟელინსკი, კვარაცხელია; ოსიმენი. როგორც ხედავთ განსხვავება იმდენად შემადგენლობაში არ არის, რამდენადაც ნახევარმცველთა განლაგებაშია: ანგისა და ლობოტკა განლაგდებიან მცველების წინ და პოლიტანო-ჟელინსკი-კვარაცხელიას მწკრივის უკან. ყველაზე წინ, თავდასხმის ცენტრში იქნება ოსიმენი.
იგორ ტუდორს მწვრთნელად უმუშავია ცხრა კლუბში, მათ შორის „გალათასარაიში”, „უდინეზეში”, „იუვენტუსში” (ასისტენტად), „ვერონასა” და „მარსელში”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 09:21გუნდების რაოდენობის გაზრდა შეიძლება დაბრკოლდეს
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 08:36ყველაზე, ყველაზე იამალი
აქეთურ-იქითური21/06/2026 | 10:06ქარხნის მუშის გაბრწყინება
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
