„ახლა კი დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩენტრო პარადისოს კარი კვლავ გაიხსნება”, — თქვა ნეაპოლელმა მსოფლიოს ჩემპიონმა, 2006 წლის „ოქროს ბურთის” ლაურეატმა, „ნაპოლის”, „პარმას”, „ინტერის”, „იუვენტუსის”, „რეალის” და „ალ აჰლის” ყოფილმა ფეხბურთელმა, იტალიის ნაკრების 136 შეხვედრის მონაწილემ, უეფას თასის მფლობელმა, სერია A-ს ორგზის ჩემპიონმა, ესპანეთის ორგზის ჩემპიონმა, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულმა და სხვა მრავალი გუნდური თუ ინდივიდიულაური ტიტულის მფლობელმა ფაბიო კანავარომ. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სათავეში ჩაუდგა სოკავოს ლეგენდარულ საწვრთნელ ცენტრს, რომელშიც დიეგო მარადონა წლების განმავლობაში სასწაულებს სჩადიოდა, შემდეგ კი ეს ადგილი უპატრონოდ დარჩა და გაპარტახდა.
კანავარომ ANSA-ს აუხსნა: „დღეს მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. ამიერიდან ჩენტრო პარადიზო (სამოთხის ცენტრი) ჩემია. თხუთმეტი წელიწადია ამას ვცდილობდი. ჩემი მიზანია აღვადგინო მოედნის საფარი, გავხსნა ბავშვთა სკოლა და პატარებს ბურთის თამაშის შესაძლებლობა მივცე. ეს დიდ ბედნიერებას მომანიჭებს”.
სოკავოს საფეხბურთო ცენტრი 1975 წელს აშენდა. ეს ის დროა, როდესაც „აძურის” ანტონიო იულიანო კაპიტნობდა, ხოლო გუნდის მთავარი ვარსკვლავი ბეპე სავოლდი გახლდათ. შემდეგ დადგა მარადონას დიდი ეპოქა, როდესაც გუნდმა ორჯერ სკუდეტო და ერთხელ უეფას თასი მოიგო. ამ პერიოდში ჩენტრო პარადისო ნეაპოლური ფეხბურთის დიდების სიმბოლოდ იქცა. მერე კლუბი გაკოტრდა და ბაზაც უპატრონოდ დარჩა. ის გაძარცვეს, შემდეგ ვანდალური მოპყრობის ობიექტად იქცა, ბოლოს კი უტილიზაციის იურიდიული პროცედურებიც დაიწყო.
მარადონას სიკვდილის შემდეგ ჩენტრო პარადისო თავისი ცნობილი ლურჯი ჭიშკრით ერთგვარ მემორიალურ ადგილად იქცა, თუმცა ქურდ-ბაცაცები და ვანდალებიიქ მაინც დათარეშობდნენ.
მერე დაიწყეს ლაპარაკი, რომ შეიკრა ბიზნესმენთა ჯგუფი, რომელიც ამ ადგილზე გასართობი თუ სამედიცინო-განმაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობას გეგმავდა. ამის პარალელურად აქტიურობდა ადგილობრივ მოსახლეთა გაერთიანება სახელად „ჩენტრო პარადისო”, რომელიც მუდამ იმის ცდაში იყო, რამენაირად ხელში ჩაეგდო ტერიტორია და იქ ძველებურად ბაზა აეშენებინა.
ახლა, სოკავოს ცენტრი ფაბიო კანავარომ იყიდა და მან შეიძლება თანაქალაქელების ოცნება აახდინოს.
