March 26: Anatoliy Trubin, goalkeeper of Ukraine on the pitch during the UEFA EURO 2024 Qualifying Round Group C match between England and Ukraine at...
ანატოლი ტრუბინი

კამერუნელ ანდრე ონანასთან დაკავშირებული „სერიალი” დასრულდა: როგორც იქნა 27 წლის მეკარე „ინტერიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა.

ონანა თავის ძველ მენტორთან, „აიაქსის” დროინდელ მწვრთნელთან ერიკ ტენ ჰაგთან დაბრუნდა. „გაძეტა დელო სპორტის” თქმით, იტალიური და ინგლისური კლუბები ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ შეთანხმებისკენ და ბოლოს საერთო ენა გამონახეს. მანჩესტერელებს გოლკიპერი 50 მილიონი ევრო დაუჯდებათ, ოღონდ ეს ფული ერთბაშად არ ექნებათ გადასახდელი. მხარეებმა ძირი-თანხის გარდა მოილაპარაკეს ბონუსებზე, რომელსაც მეკარე უეჭველად გამოიმუშავებს. ჯამში, ოთხი ტრანში განხორციელდება.

თავად ონანა ჯერ იტალიაშია, „ინტერთან” ერთად ვარჯიშობს, თანაგუნდელებს ემშვიდობება და საბუთების წესრიგში მოყვანას ელოდება. გეგმის თანახმად ოთხშაბათისთვის მას ყველაფერი მზად უნდა ჰქონდეს და „მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად აშშ-ში გაემგზავროს.

უმეკარეოდ დარჩენილი მილანური კლუბი კი „ბაიერნიდან” შვეიცარიელი იან ზომერის გადმობარგებას ელოდება. მისი შეძენა „ნერაძურის” 6 მილიონი ევრო უჯდება. „გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ მართალია „ბაიერნს” მთავარი გოლკიპერი მანუელ ნოიერი ჯანმრთელად არ ჰყავს (ის თხილამურებით სრიალის დროს დაშავდა და ჯერაც ვერ მოკეთებულა), მაგრამ გერმანული კლუბი ზომერს არ მისტირის. მილანური გაზეთი ირწმუნება, რომ ბავარიელები ზომერის შემცვლელად „შახტარის” მეკარის, 21 წლის ანატოლი ტრუბინის გადაბირებას აპირებენ, თუმცა უკრაინის ჩემპიონთან იოლ მოლაპარაკებებს არ ელიან.