აურელიო დე ლაურენტისი მწვრთნელის ძიების პროცესში არ მალავდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია როგორ ითამაშებს „ნაპოლი” ევროთასებზე და კანდიდატებს დიდწილად ამ თვალსაზრისით აკვირდებოდა. რა შედეგები აქვს „აძურის” ახალ თავკაც რუდი გარსიას ევროპულ შეჯიბრებებში?

დავიწყოთ ყველაზე დიდი წარმატებებით: გარსიას ხელმძღვანელობით „მარსელმა” 2017-18 წლების სეზონში ევროლიგის ფინალში ითამაშა, ხოლო „ლიონი” 2019-20 წლების კოვიდიან სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.
„მარსელში” გარსია „ნაპოლის” დღევანდელი ფეხბურთელებიდან ანდრე-მარკ ზამბო ანგისას წვრთნიდა. გუნდი 4-2-3-1 განლაგებით თამაშობდა. ზემოთ ხსებებული სეზონის მეოთხედფინალში გუნდმა „ბილბაო” დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში „ზალცბურგს” სძლია. აი, ფინალში კი გარსიას გუნდს ხელი მოეცარა — „ატლეტიკოსთან” 0:3 წააგო. იმ შეხვედრაში ორი გოლი ანტუან გრიზმანმა გაუტანა.
ევროლიგის შემდეგი გათამაშება კი „მარსელისთვის” კოშმარული გამოდგა: გუნდი ჯგუფური ეტაპიდან გავარდა. მან მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. მასთან ერთად ჯგუფში იყვნენ „აინტრახტი”, „ლაციო” და კვიპროსის „აპოლინ ლიმასოლი”. გარსიას გუნდმა ერთადერთი ქულა კვიპროსზე მოიპოვა.
კოვიდიან სეზონში, ჩემპიონთა ლიგაში, რუდი გარსიას „ლიონმა” არც მეტი არც ნაკლები მაურიციო სარის „იუვენტუსი” გააგდო თავისი კრიშტიანუ რონალდუთი. ეს მერვედფინალში მოხდა. მეოთხედფინალში, მაშინდელი პანდემიური ფორმატის შესაბამისად, „ლიონმა” ლისაბონში გამართულ ერთმატჩიან დაპირისპირებაში 3:1 მოუგო პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტის”. ის შეხვედრა გარსიას სამწვრთნელო მწვერვალად შეირაცხა. ნახევარფინალში ლიონელებს „ბაიერნმა” სძლია 3:0.
რაც შეეხება „რომაში” გატარებულ პერიოდს, აქ გარსიას ხელი მოეცარა. კოშმარული გამოდგა 2014-15 წლების სეზონი, რომლის დროსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბაიერნმა” რომში 7:1 მოუგო. იმ გათამაშებაში „ჯალოროსი” ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, ევროლიგაზე გადაბარგდა და მერვედფინალში შინ „ფიორენტინასთან” დამარცხდა 0:3.
შემდეგ სეზონში რომაელები მართალია ჯგუფში „ბარსელონას” შემდეგ მეორე ადგილზე გავიდნენ, მაგრამ მერვედფინალში „რეალთან” შინაც და სტუმრადაც 0:2 წააგეს. თუმცა, მერვედფინალის ამ ორ შეხვედრაში გარსია „რომას” მწვრთნელი აღარ იყო. ის… ლუჩანო სპალეტიმ შეცვალა.
სულ ადრე კი რუდი გარსიას ხელმძღვანელობით „ლილი” ორჯერ ჩარჩა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში. ევროლიგაზე კი 2009-10 წლების გათამაშებაში ეს გუნდი მერვედფინალიდან „ლივერპულმა” გააგდო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
