თურქეთის ნაკრებმა ფარერებზე 1:2 წააგო და 13 ქულით დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს, გიბრალტარში, ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ერთა C ლიგის ჯგუფების გამარჯვებულთა შორის საუკეთესო გახდება და 2024 წლის მარტში, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ ნახევარფინალს გამარჯვებულთა შორის უარესთან შინ ითამაშებს. რაც შეეხება ფინალს, მისი ჩატარების ადგილს წილისყრა გადაწყვეტს.
ფარერის კუნძულებისა და თურქეთის შეხვედრა C ლიგის პირველი ჯგუფისა გახლდათ. ფარერელთათვის ეს გამარჯვება რასაკვირველია ისტორიული იყო. ამასთან მათ უკვე ზედიზედ ოთხი თამაშია არ წაუგიათ.
პირველი ტაიმი მოსაწყენი გამოვიდა. ერთადერთი გამოცოცხლება შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე შეიმჩნეოდა, როდესაც სტუმართა მარცხენა გარემარბმა, „გალათასარაის” 23 წლის მოთამაშემ ქერემ აქთურქოღლუმ გოლი გაიტანა, მაგრამ ოფსაიდის გამო არ ჩაუთვალეს.
მეორე ტაიმში კი სასწაულები დაიწყო: მასპინძლებმა 9 წუთიან მონაკვეთში ორი გოლი შეაგდეს. პირველი 51-ე წუთზე შვედური „ჰელსინგბორგის” 31 წლის მცველმა ვილიორმურ დავიდსენმა გაიტანა. საჯარიმოში შესულმა კუნძულელთა კაპიტანმა მარცხენა ფეხით გახსნა ანგარიში, მე-60 წუთზე კი თავდამსხმელმა იოან სიმუნ ედმუნდსონმა თურქ მეკარეს ალთაი ბაინდირს თავზე გადაუგდო ბურთი და სხვაობა ორამდე გაზარდა. ისევე როგორც პირველი გოლის ავტორი დავიდსენი, მეორე გოლის ავტორი ედმუნდსონიც 31 წლის არის და უცხოეთში, ბელგიურ „ბევერენში” თამაშობს.
სტუმრებმა „მშრალად” წაგებას თავი გვიან, 89-ე წუთზე დააღწიეს. ეს ასევე 31 წლის თავდამსხმელმა „ბასაკშეჰირის” მოთამაშემ სერდარ გიურლერმა შეძლო.
„თავს ვერაფრით გავიმართლებთ. გასახდელში სამარისებური სიჩუმეა. ვერ წარმოიდგენთ, ხმა არავის ამოუღია”, — თქვა თურქთა ერთადერთი გოლის ავტორმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები26/05/2026 | 08:50ფაბრეგასის მაგვარი ალბათ ფაბრეგასია
აქეთურ-იქითური26/05/2026 | 07:41ფერნანდეში ვირია და კინი ლომი?
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
მთავარი ამბავი25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
