დღეს „სან სიროზე” „მილანი” „ნაპოლის” მასპინძლობს.
„ეს იქნება იმ ორი გუნდის შეხვედრა, რომლებიც კარგად თამაშობენ და დიდი მიზნები აქვთ, – თქვა ბოლო პრეს-კონფერენციაზე ნეაპოლელთა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ, — ძნელი სათქმელია რომელი აჯობებს. რომელი მოიფიქრებს, როგორ მოიპოვოს მოედანზე ის მცირე უპირატესობა, რომლის წყალობითაც მოწინააღმდეგეს დაამარცხებს. ბურთს უნდა გავუფრთხილდეთ. მისი დაკარგვა არ ივარგებს, რადგან მილანელები მის ფლობაზე დიდად არ ზრუნავენ; საკმარისია იხელთონ, რომ სივრცეს გამონახავენ და დაუყოვნებლივ შემოგიტევენ.
მართალია, ჩვენ ვეთამაშებით ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეს, რომელსაც სათავეში უდგას სტეფანო პიოლი პატივსაცემი მწვრთნელი, კარგი ადამიანი და კოლეგა, მაგრამ მშვიდად ვარ, რადგან ჩემი გუნდი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია”.
ცნობილია, რომ „ნაპოლის” ცენტრალური თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი დაშავებული ჰყავს, თუმცა სპალეტი არ ჩქარობს თქვას, თუ ვინ დაიკავებს მოედანზე ნიგერიელის ადგილს.
„სიმეონე უფრო ძალისმიერია, სიღრმიდან უტევს. რასპადორი მისგან განსხვავდება, სხარტია. მის მიერ გლაზგოში გატანილი გოლი თვალსაჩინო იყო: ის პოზიციას პოულობს და შეტევას აგვირგვინებს. ასეთ დროს რასპადორის დაკეტვა ძნელია. ჩვენ ამ ორ თავდამსხმელს მათი უნარებიდან გამომდინარე სხვადასხვანაირად ვიყენებთ. კიდევ, გვყავს კვარა. ასე რომ, ოსიმენზე დამოკიდებულები არ ვართ.
ზუსტად იმავეს თქმა შემიძლია ქართველზეც. ერთ მოთამაშეზე რომ გავხდეთ დამოკიდებული, როდესაც ის არ გვეყოლება, მაშინ როგორღა ვითამაშებთ? ჩვენ ყველა გვჭირდება. ჩემპიონატი დიდხანს გრძელდება და რთულია. მთავარია წამყვანი ფეხბურთელების ჯგუფი შევინარჩუნოთ. ტყუილია, თითქოს ჩემმა მოთამაშეებმა დღევანდელი შემადგენლობა წინასწარ იციან. გამარჯვებისთვის თერთმეტ ფეხბურთელზე მეტი მჭირდება.
„ნაპოლი” ტექნიკური ფეხბურთელებისგან არის შექმნილი, რომელთაც ფეხბურთზე ერთნაირი შეხედულება აქვთ. ჩვენ შევეცდებით საუკეთესოდ ფეხბურთი ვითამაშოთ. ზოგი რამ, რაც შეგვიძლია უკვე ვაჩვენეთ, ზოგსაც მომავალში გამოვავლენთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჯერ ცოტა დროა გასული. ყველაფერი შესაძლოა სხვანაირად მომხდარიყო, მაგრამ ამით კლუბის და ჩემი შეხედულება ჩვენი გუნდის პოტენციალზე არ შეიცვლებოდა. ასეა თუ ისე, დღეის მდგომარეობით კმაყოფილები ვართ.
ვუყურებ „მილანის” თამაშს და ვხედავ ისეთ ნიუანსებს, რომლებზეც მინდა ჩემს ფეხბურთელებსაც გავამახვილებინო ყურადღება. პიოლის სირთულეებისთვის თავის გართმევის საუცხოო უნარი აქვს. ის ამას დეტალების დამუშავებით ახერხებს.
პიოლი ამბობს, რომ ის უკვე სამი წელიწადია, რაც „მილანს” წვრთნის. მათ გუნდის გაახალგაზრდავება და რიგი თვისებებით გამდიდრება შეძლეს. ისინი ქების ღირსი არიან. დღეს კარგ მატჩს ველი. „მილანი” იტალიის ჩემპიონია და გარკვეული უპირატესობა აქვს. ჩვენ კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავღვინდეთ. მათი დაწევა თუ გვინდა, უნდა ვაჯობოთ.
მიხარია, რომ ჩემი გუნდიდან იტალიის ნაკრებში ხუთი ფეხბურთელი გამოიძახეს. მანჩინის პერსპექტიული ბავშვები ყოველთვის აინტერესებდა. მათი წვრთნა მართლაც დიდი სიამოვნებაა”.