ეროვნული ჩემპიონატის წლევანდელი უმაღლესი ლიგა დასრულდა და თბილისის „ლოკომოტივი“ მთავარ მწვრთნელს დაემშვიდობა – გუნდი გიორგი დევდარიანმა დატოვა.
44 წლის დევდარიანი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია, „ლოკომოტივამდე“ სხვა ქართული გუნდებიც გაუწვრთნია – „თბილისი“, თბილისის „დინამო“ და გორის „დილა“, დევდარიანი თავკაცობდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებსაც.
დევდარიანის ხელმძღვანელობით „ლოკომოტივმა“ ათგუნდა ეროვნულ ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა, ჩემპიონატის ბოლოს ევროსაგზურისთვისაც გაიბრძოლა. რა გახდა მწვრთნელთან განშორების მიზეზი? „სარბიელის“ კითხვებს გიორგი დევდარიანი პასუხობს.
– კლუბის გადაწყვეტილება ყველაზე უფრო რითი იყო განპირობებული?
–ამ საკითხზე არგუმენტირებული განხილვა არ ყოფილა, კლუბის ხელმძღვანელობას და მე ამის თაობაზე დეტალურად არ გვისაუბრია.
– „ლოკომოტივი“ რომ ჩაიბარეთ, რა მიზანი იყო დასახული?
– ჩემს მისვლამდე „ლოკომოტივი“ ორი წელი მაღალ მიზნებს ისახავდა, თუმცა არგავარდნისთვის უწევდა ბრძოლა. ამ გუნდში რომ მივედი, მათე ვაწაძის და ლუკა ზარანდიას შენარჩუნება მინდოდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. საბოლოო ჯამში „ლოკომოტივიდან“ 16 ფეხბურთელი წავიდა, რითაც საგრძნობლად შემცირდა კლუბის ხარჯი. ახალი გუნდის ჩამოყალიბება დავიწყეთ, 11 ახალგაზრდა, გამოუცდელი ფეხბურთელი ავიყვანეთ, კიდევ 5 გამოცდილი მოთამაშე. ასეთი რესურსით მაღალი მიზნების დასახვა შეუძლებელი იყო. თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩავატარეთ ტესტები და მივიღეთ კატასტროფული სურათი – „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებს ის მაჩვენებლები ჰქონდათ, რაც მანამდე ხოჭოლავას, ყაზაიშვილს და პაპავას „საბურთალოს“ 19-წლამდელებში ყოფნისას. მოკლედ, მიზნად დავისახეთ ზედა ხუთეული და ის, რომ ახალგაზრდებისთვის თავისი გამოჩენის საშუალება მიგვეცა, რათა მომდევნო სეზონში უკვე სამეულისთვის გვებრძოლა. ვენდე ახალგაზრდა, გამოუცდელ ფეხბურთელებს. „სიონიდან“ გადმოვიყვანეთ ირაკლი სიხარულიძე, რომელიც „ლოკომოტივში“ ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა და ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს, „სიონში“ კი ხშირად სათადარიგო იყო. ჩემპიონატის პირველ ეტაპზე თბილისის „დინამოს“ ორჯერ მოვუგეთ, ქუთაისის „ტორპედოც“ დავამარცხეთ, „ლოკომოტივი“ ერთი პერიოდი ცხრილის სათავეშიც მოექცა, მერე კი თავი იჩინა პრობლემებმა: არ გვქონდა გრძელი სკამი, ტრავმის გამო გამოგვაკლდნენ ფეხბურთელები…
– გუნდის მომზადებასთან დაკავშირებით იყო პრობლემები?
– „ლოკომოტივს“ კარგი სავარჯიშო პირობები აქვს, თუმცა ამის გარდა საჭირო იყო საშუასეზონო შეკრებაც, რაც ვერ მოხერხდა. არადა გუნდის შედეგისთვის, ახალგაზრდების წინსვლისთვის შეკრება აუცილებელია. ტრავმიანობაც მნიშვნელოვანწილად იმით იყო განპირობებული, რომ ჩემპიონატის მეორე ეტაპის წინ შეკრება არ გაგვივლია.
– „ლოკომოტივის“ გამოსვლას გასული სეზონის მეორე ეტაპზე როგორ შეაფასებდით?
– ზედიზედ რამდენიმე თამაში მოვიგეთ დიდი ანგარიშით, მაგრამ საერთო ჯამში სტაბილურობას ვერ მივაღწიეთ. „ლოკომოტივის“ ახალგაზრდა ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები არ იყო მზად ორი ტაიმისთვის, წინასწარ ვიცოდი, რომ მატჩის მსვლეობის დროს მინიმუმ ოთხი ფეხბურთელი შესაცვლელი იქნებოდა, რისი სრულფასოვნად გაკეთებაც არ შეგვეძლო მოკლე სკამიდან გამომდინარე. ამას დაემატა ცალკეული ფეხბურთელების ტრავმები. კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე რამდენიმე წამყვანი ახალგაზრდა კონკრეტულ ეტაპზე დავუთმეთ „ლოკომოტივის“ მეორე გუნდს, რომელიც მესამედან მეორე ლიგაში გადასვლისთვის იბრძოდა და შესაბამისი საპრიზო ფონდი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული გახდა კლუბისთვის. მათი არყოფნა ძალიან დააკლდა პირველ გუნდს. საბოლოო ჯამში შედეგი ვერც ქვედა ლიგაში მივიღეთ და ვერც – უმაღლესში.
– ნებისმიერ მკვეთრ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ფინანსური ფაქტორი…
– კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ლაპარაკი იყო ხელფასების შემცირებაზე და პრემიების გაზრდაზე, ძირითადში მოხვედრისთვის ბონუსების დაწესებაზე. რა თქმა უნდა, ეს ზრდის მოტივაციას. მოვიწონე ეს იდეა, თუმცა ჩავთვალე, რომ საჭირო იყო კორექტირება, ფეხურთელების დაცვა და საკითხის დაბალანსება – სეზონებს შორის შესვენება დაახლოებით ოთხი თვეა, სეზონის დროს ტრავმისგან დაზღვეული არავინაა, ფეხბურთელს კი ოჯახი ჰყავს შესანახი… სამომავლო მიზანი სამეულში მოხვედრა დამისახეს, რასაც შესაბამისი კონტინგენტი სჭირდება. დაფიქრებაა საჭირო, კონკრეტული რესურსით კონკრეტული მიზნისთვის ღირს თუ არა მუშაობა. მომდევნო სეზონისთვის გაძლიერდებიან „ტორპედო“, „დინამო“, საბურთალო“ და „სამტრედია“… „ლოკომოტივის“ წამყვან ფეხბურთელებს კი აქვთ შემოთავაზებები – სიხარულიძე, რეხვიაშვილი, კობახიძე, ქავთარაძე… მაღალი მიზნებისთვის ბირთვის შენარჩუნება არის საჭირო – ეს ვუთხარი კლუბის ხელმძღვანელობას, 2-3 ფეხბურთელის დამატებასაც კი არ ვითხოვდი. ველოდებოდი გუნდში დამრჩენების ვინაობის გარკვევას და როცა ეს მეცოდინებოდა, გავცემდი პასუხს კითხვაზე, სამეულში მოხვდებოდით თუ ვერა.
– „ლოკომოტივმა“ თქვენთან თანამშრომლობა რა ფორმით გაწყვიტა?
– კლუბის პრეზიდენტმა დამირეკა, მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ თანამშრომლობა ვერ გაგრძელდება გარკვეული პრობლემების გამო, ერთ-ერთი მთავარი მათ შორის ფინანსები იყო. ფეხბურთელთა ბირთვის შენარჩუნების შემთხვევაში მწვრთნელის ხელფასი არ იქნებოდა გადამწყვეტი. „ლოკომოტივი“ ჩემთვის სამსახურზე მეტია. დიდი მადლობა „ლოკომოტივის“ ყველა ფეხბურთელსა და პერსონალს ერთად გატარებული დროისთვის. „ლოკომოტივს“ მხოლოდ წარმტებებს ვუსურვებ.