ნეიმარი ტრავმის გამო, მომდევნო კვირაში, „ბარსელონასთან”, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებას გამოტოვებს. „პარი სენ ჟერმენის” გულნატკენმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა თავის განცდები ინსტაგრამში გამოხატა.
ფორვარდმა „კაენთან” საფრანგეთის თასის შეხვედრაში საზარდული იტკინა. ვიდეო შეგიძლიათ ქვემოთ ნახოთ.
„ძალიან დავდარდიანდი. გულისტკივილი აუტანელია, მუდმივად ვტირი. კიდევ ერთხელ მომიწევს რაღაც ხნით იმის შეწყვეტა, რაც ასე ძალიან მიყვარს — ფეხბურთს ვეღარ ვითამაშებ.
ხანდახან, ჩემი სტილის გამო, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. ვინაიდან სულ დრიბლინგს მივმართავ, ფეხს მიდებენ. ვეღარ გავიგე, პრობლემა მე ვარ თუ ის, რასაც მოედანზე ვაკეთებ. ეს ყველაფერი ძალიან მასევდიანებს.
ძალიან მტკენს გულს, როდესაც ფეხბურთელებისგან, მწვრთნელებისგან, კომენტატორებისგან და ზოგადად ხალხისგან მესმის „მართლა უნდა მიერტყათ”, „სიმულიანტობს”, „ბავშვივით ტირის”, „გათავხედებულია” და ასე შემდეგ.
გულწრფელად გეუბნებით, ეს ძალიან მოქმედებს და არ ვიცი რამდენ ხანს გავუძლებ. მე ხომ მხოლოდ ერთი რამ მინდა — ფეხბურთის თამაში.
და მეტი არაფერი!!!”
ნეიმარს, სავარაუდოდ, სამი კვირით მკურნალობა მოუწევს.