„მანჩესტერ სიტი” ზაფხულში ერლინგ ჰოლანდის შეძენას აპირებს. პრემიერლიგის ლიდერი „დორტმუნდისთვის” ნორვეგიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 100 მილიონი გირვანქის ანუ დღევანდელი კურსით 113,7 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს. ეს ამბავი „მირორმა” შეიტყო, რომელიც აგრეთვე წერს, რომ „სიტის” არ სურს 2022 წლის ზაფხულამდე დაცდა, როდესაც ამოქმედდება ჰოლანდისა და „შავ-ყვითლების” ხელშეკრულების ის პუნქტი, რომლის თანახმადაც 20 წლის ფორვარდი 66 მილიონ გირვანქად (75 მილიონი ევრო) იქნება ხელმისაწვდომი.

„ქალაქელების” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა არ აპირებს 2022 წლამდე დაცდას, რადგან ჰოლანდი სერხიო აგუეროს საუკეთესო შემცვლელად მიაჩნია. არგენტინელ სერხიო აგუეროს კი „სიტისთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება.

ცხადია, ჰოლანდი გვარდიოლას გულხელდაკრეფილი არ ელოდება. მასზე ტაციაობაა. „მანჩესტერ სიტის” გარდა მარტო ინგლისში მისი შეძენა სურთ „ჩელსისა” და „მანჩესტერ იუნაიტედს”. მაშ, რა უპირატესობა აქვს „სიტის”? სავარაუდოდ, „ქალაქელების” უპირატესობა ხელფასია. „მირორი” წერს, რომ „ეტიჰედზე” ჰოლანდს კვირაში 4000 000 გირვანქას დაუნიშნავენ.

ჰოლანდის მამა, ალფ-ინგე, 2000-2003 წლებში თავადაც „მანჩესტერ სიტიში” თამაშობდა.

ერლინგი „დორტმუნდში” გასული წლის იანვარში გადავიდა, სადაც 29 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა. ამ გოლებიდან 6 ჩემპიონთა ლიგის 4 შეხვედრაში შეაგდო.

ერლინგ ჰოლანდს „დორტმუნდთან” 2024 წლამდე აქვს კონტრაქტი.