საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტმა წარმოადგინეს თამაშების მონაწილეთა ქცევის წესების პირველადი ვერსია.
თითოეული მონაწილე ვალდებული იქნება, საკუთარ ტელეფონში გადაწეროს პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზატორებს რეგულარულად მიაწვდის ინფორმაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ეს ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება ჯანდაცვის ადგილობრივ სტრუქტურებს. ოლიმპიურ სოფელში ათლეტები მაქსიმალურად უნდა მოერიდონ გარშემომყოფებთან ფიზიკურ კონტაქტს და დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია.
ათლეტებს აეკრძალებათ მაყურებლის რანგში შეჯიბრებებზე დასწრება. თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე მონაწილეებმა უნდა წარადგინონ კოვიდ 19 – ზე ტესტის უარყოფითი პასუხი.
შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020 ერთი წლით გადაიდო და წლეულს 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიმართოს.