მითხარი, ვინ გიხდის ხელფასს…

Home დავთარი მითხარი, ვინ გიხდის ხელფასს…
მითხარი, ვინ გიხდის ხელფასს…

 

 

 

 

ეს წერილი გულწრფელობაზეა. აი, იცით, როგორ გულწრფელობაზე? ადამიანი საკუთარ თავთან მარტო რომ დარჩება და მაშინ მაინც რომ უნდა იყოს გულწრფელი, სწორედ იმ გულწრფელობაზე.– ვწერდით ორიოდ დღის წინ. ახლაც იმავე გულწრფელობის თემას მივუბრუნდით და… ამბობენ, ЦСКА -ს დიდი ხანია არანაირი კავშირი აღარ აქვს რუსულ არმიასთან, კრემლთანო, თუმც…

ფორმალურად ეს მართლაც ასეა, მაგრამ დიდი გულუბრყვილობა იქნებოდა, ამ მტკიცების გადაუმოწმებლად დაჯერება. ჩვენც ასე მოვიქეცით და ღია წყაროებზე დაყრდნობით გავარკვიეთ, ვისია რეალურად ЦСКА.

მაშ, ასე:

კლუბის მეპატრონე „ნორნიკელია“ – რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, მრავალმილიარდ დოლარიანი ბრუნვით და აქტივებით. თავის მხრივ, „ნორნიკელსაც“ ჰყავს მეპატრონეები, იმ მეპატრონეებს კი თავისი პატრონები. ამ დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, შუალედურ რგოლებს გამოვტოვებთ და კვალის ბოლო რგოლებს წარმოგიდგენთ – იმ ოლიგარქებს, რომლებიც რეალურად დგანან ამ ბიზნესების უკან.

ძირითადი მეპატრონეები სამნი არიან: ვლადიმირ პოტანინი, ოლეგ დერიპასკა და რომან აბრამოვიჩი.

ვინ არიან ეს ადამიანები? მათ შესახებ მხოლოდ მშრალ ფაქტებს წარმოგიდგენთ.

ვლადიმირ პოტანინი

პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერი. 90-იანებში იყო ბორის ელცინის საპრეზიდენტო კამპანიის სპონსორი. შემდეგ გახდა პუტინის პარტიის სპონსორი. სისტემატიურად თამაშობს ჰოკეის პუტინთან ერთად. ითვლება პუტინის ერთ-ერთ მთავარ მოლარედ. ის არის ოლიგარქი, რომელიც მუდმივად აფინანსებს კრემლისთვის სასურველ პროექტებს, სანაცვლოდ კი იღებს მასშტაბურ სახელმწიფო შეკვეთებს.

პოტანინმა საკუთარ თავზე აიღო სოჭში ოლიმპიადის ჩატარების უფლების მიღება და ამ პროექტში საკუთარი 700 მილიონი დოლარი ჩადო. ყირიმის ანექსიის შემდეგ, რასაც საერთაშორისო სანქციები მოჰყვა, მან გამოთქვა მზადყოფნა ყირიმის ტურისტული კომპლექსები დაეფინანსებინა.

2018 წელს FBI-მ აღმოაჩინა კავშირები ვლადიმირ პოტანინსა და იმ ფირმას შორის, რომელიც ამერიკის არჩევნების გაყალბების მცდელობის საქმეში ფიგურირებდა. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს პოტანინი ე.წ. „კრემლის სიაში“ ჰყავს შეყვანილი.

რომან აბრამოვიჩი

1998 წლამდე რომან აბრამოვიჩი იმდენად კარგად ახერხებდა ინკოგნიტოდ დარჩენას, რომ მედიამ ისიც კი არ იციდა, როგორ გამოიყურებოდა ნავთობის ეს მაგნატი. ვითარება მას მერე შეიცვალა, რაც მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ აბრამოვიჩი ბორის ელცინის ქალიშვილის და სიძის ხარჯებს ფარავდა და მის საპრეზიდენტო კამპანიას აფინანსებდა. ასე გაიცნო მედიამ მილიარდერი ბიზნესმენი.

აბრამოვიჩი მათ შორის იყო, ვინც ელცინს მემკვიდრედ პუტინის დასახელება ურჩია, შემდეგ კი, პუტინის მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში, კრემლისადმი უსიტყვო ლოიალობას ავლენს. ბორის ბერეზოვსკის ჩვენებაში, რომელიც მან ლონდონის სასამართლოს მისცა, წერია, რომ აბრამოვიჩმა პრემიერ-მინისტრ პუტინს 50 მილიონ დოლარად ღირებული იახტა აჩუქა. ხოლო როდესაც პუტინი პრეზიდენტი გახდა, აბრამოვიჩი აქტიურად ერეოდა მთავრობის ფორმირების საკითხებში.

სკრიპალების მოწამლვის შემდეგ რომან აბრამოვიჩი იმ ოლიგარქთა სიაში აღმოჩნდა, რომლებიც ბრიტანული დაზვერვის ყურადღების ცენტრში მოექცნენ. აბრამოვიჩი, როგორც პუტინის მოლარე, ბრიტანული სანქციების ქვეშ მოექცა.

ბრიტანულ და ამერიკულ შავ სიაში მოხვედრის შემდეგ აბრამოვიჩმა აქტივების ნდობით აღჭურვილ პირებზე გადაფორმება დაიწყო, თუმცა რეალურ მეპატრონედ, ცხადია, კვლავ თავად რჩება.

ოლეგ დერიპასკა

დასავლური სპეცსამსახურების ინფორმაციით, დერიპასკა ფიგურირებს კორუფციის, ეკონომიკური დანაშაულებების, უცხო სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩარევის და ორგანიზებული დანაშაულებების საქმეებში. კავშირები აქვს კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ამ მიზეზებით, შეერთებული შტატები დერიპასკასთვის ვიზის გაცემაზე უარს ამბობს.

გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, დერიპასკამ ქონება მოქრთამვით, კონკურენტების დაშინებით და ლიკვიდაციით დააგროვა.

ესპანეთის პროკურატურამ დერიპასკა ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა.

გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, დერიპასკას მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის უშიშროების სამსახურთან.

„ასოშეიტედ პრესის“ გამოძიებით, დერიპასკა საიდუმლოდ თანამშრომლობდა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელ პოლ მანაფორტთან.

ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, მანაფორტი დერიპასკას საიდუმლოდ უგზავნიდა კონფიდენციალურ ცნობებს, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ.

„უოლ სტრიტ ჯორნალი“ ააშკარავებს მანაფორტის და დერიპასკას მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინის, საქართველოს და მონტენეგროს პოლიტიკურ საკითხებში. ამავე წყაროს თანახმად, დერიპასკა აქტიურად მუშაობდა 2004 წელს საქართველში იგორ გიორგაძის დასაბრუნებლად.

ამჟამად ოლეგ დერიპასკაზე ამერიკული სანქციები ვრცელდება.

სხვათა შორის, „ნორნიკელი“ რუსეთის სპორტული როკენროლის ფედერაციის სპონსორიცაა. და თუ იკითხავთ, საიდან სადაო, მოგახსენებთ, რომ ამ ფედერაციის ყოფილი ფუნქციონერი და სპორტსმენი ვლადიმირ პუტინის უმცროსი ქალიშვილი კატერინა ტიხონოვაა.

ავტორის პროფილი

გიორგი დარჯანია
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.