ბატონმა შალვა ნათელაშვილმა სამიზნედ სპორტსმენები აირჩია. დღევანდელ საქართველოში, როცა ამომრჩეველთა ხმებისთვის გაცეცხლებული ბრძოლა მიდის და მოწინავე პარტიებსაც კი თავი ქუდში ვერა აქვთ, ლეიბორისტთა ლიდერმა თავის გამოსვლით ერთგულ ამომრჩეველთა ისედაც მწირი გუნდი გაინახევრა, რადგან:

  • საქართველოში, ეროვნულ დონეზე თუ ვინმე უყვართ – სპორტსმენები
  • საქართველოში თუ ვინმემ იცის შრომის, ტკივილს მორევის, ქვეყნისთვის თავის დადების ფასი – სპორტსმენებმა
  • საქართველოს სახელის მსოფლიოში დაქუხების უნარი თუ ვინმეს შესწევს – სპორტსმენებს…

შალვა ნათელაშვილი გაიქცა?თუ მოვინდომეთ შვიდივე ბრუნვაში მოვახერხებთ ქართველ სპორტსმენებზე მოწიწებით საუბარს, რადგან ხერხემალდაშავებული ლეონსიო გაგვახსენდება, რომელიც სიცოცხლის რისკით მიათრევდა ტანზე ჩამოკონწიალებულ რუმინელებს მათი ლელოსკენ, ან კიდევ ლაშა ტალახაძე, რომელიც შტანგასთან მივა თუ არა, მთელი მსოფლიო წინასწარ აღებს პირს და მორიგი რეკორდისა და გაოცებისთვის ემზადება. ცუდად გცნობიათ სპორტსმენები. გვერწმუნეთ: ის შედეგები, რომელსაც სპორტსმენი უმაღლეს დონეზე აღწევს, მარტო ქვის კუნთები არ არის. წარმატება ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც დროის უზუსტესად მართვა, მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა და დიდი გამარჯვების მეორე დღეს ისევ ვარჯიშზე მისვლა უხდება. სხვა სიტყვებით, დიდ (მათ შორის ქართველ) სპორტსმენებს დიდი შედეგების მისაღწევად იმავე ბევრად მეტი გონების ხარჯვა უწევს, ვიდრე მავან პოლიტიკოსს თავისი კარიერის ასაშენებლად.

ობეხეესი, რესტორნის დირექტორი, პურის ფულის მშოვნელი – ეს რომელ ქვეყანაზეა საუბარი ბატონო შალვა? სსრკ-ზე ალბათ… სპორტსმენს რომ ობეეხეესში გადაისვრიდნენ, ეს იმ ქვეყნის და დროის მორიგი დიდი “ღირსება” იყო და სამაგალითოდ და საჩვენებლად რომ მოგყავთ, გასაკვირია.

სპორტსმენი-პოლიტიკოსი მთლად კარგად იქნებ ვერ ჟღერდეს, მაგრამ ბევრი ქართველი სპორტსმენი ქართულ საქმეს ბარე ორ პოლიტიკოსზე უკეთესად გააკეთებს და იცით რატომ? მათ საქართველოსთვის გულიც უცემთ და გონებაც უმუშავებთ. პოლიტიკოსების გულისცემაზე კი რა მოგახსენოთ…

კაცი, მიცვალებულზე კნინობით ფორმაში ლაპარაკს არ იკადრებს. დავით ყიფიანი, ჩვენგან წასულიც, მთელი ერის სიამაყედ რჩება, ცოცხალი და საღსალამათი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით…

მათ საქართველოსთვის გულიც უცემთ და გონებაც უჭრით