კრეტაზე, ქალაქ ჰერსონისოსში, ჭადრაკში ევროპის სანაკრებო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომლის ხუთი ტურიც გასრულდა. 

რომ არა მეოთხე ტურში რუსთაგან დასანანი წაგება, ჩვენი ქალთა ნაკრები იქნებ პირველ პოზიციაზეც გვეხილა. ქართველებმა ჩემპიონატი ყოჩაღად დაიწყეს, ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს და ლიდერობაც მოიპოვეს მაგრამ რუსეთთან წაგებული 1,5:2,5-ის შემდეგ პირველობა მეტოქეს დაუთმეს. ახლა რუსები ჩვენ და კიდევ სამ ნაკრებს ორი ქულით გვისწრებენ, მაგრამ ფინიშამდე ოთხი ტურია, ანუ ყველაფერი წინ არის.

მეხუთე ტურში ქართველმა გოგონებმა სომეხი ოპონენტები 4:0 დაამარცხეს და ახლა 8 ქულა აქვთ. თავიანთი პარტიები მოიგეს ნანა ძაგნიძემ, ბელა ხოტენაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა და სალომე მელიამ.   ძაგნიძის გამარჯვება პირველ დაფაზე უფრო დეტალურად აღწერის ღირსია, რადგან შავი ფიგურებით და ეფექტურად იქნა მოპოვებული. ძაგნიძის მეტოქე ელინა დანიელიანი გახლდათ. დებიუტში ლაზიერის გამბიტი გათამაშდა და ქართველმა ლაზიერისავე ფლანგზე ორივე კუს აქტივაცია განახორციელა, ხოლო დანიელიანმა მეფის ფრთაზე განავითარა იერიში. იერიშის დაწყება თეთრებმა მოასწრეს და ლაზიერით და ეტლით მიადგნენ შავი მეფის პოზიციას. 29-ე სვლაზე დანიელიანმა მეტოქეს კუ პაიკში გაუცვალა, სამაგიეროდ კი განაპირა პაიკს გზა მოუსუფთავა და გარდასახვის უჯრისკენ დაძრა. ძაგნიძემ გაცვლებს მიმართა, თეთრების იერიშებს იოლად გაუმკლავდა და 56-ე სვლაზე გაიმარჯვა. 

ალინე დანიელიანმა (მარცხნივ) შველა ზეცასაც შესთხოვა, მაგრამ ნანა ძაგნიძესთან ვერას გახდა

ვაჟები მეხუთე ტურში ისრაელის ნაკრებთან დამარცხდნენ 1,5:2,5 და მე-20 ადგილამდე ჩამოქვეითდნენ. ბაადურ ჯობავამ, ლევან ფანცულაიამ და ლუკა პაიჭაძემ ყაიმით დაასრულეს პარტია, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილმა წააგო.

ყველაზე დიდხანს ბრძოლა პირველ დაფაზე გაგრძელდა, სადაც თეთრებით მოთამაშე ბაადურ ჯობავას ცნობილი საჭადრაკო მაესტრო ბორის გელფანდი დაუპირისპირდა. დებიუტში სიცილიური დაცვა გათამაშდა. გელფანდის იერიშები ჯობავამ გაცვლებით გაანელა და ფიგურით დაწინაურდა, თუმცა 53-ე სვლისთვის დაფაზე სვლების განმეორება და შესაბამისად ყაიმი დაფიქსირდა.  

პირველ ტურში ჩვენმა ვაჟებმა მაკედონიას 3:1 მოუგეს, თუმც მეორეში ჩეხებთან წააგეს 1,5:2,5. ამას მოჰყვა ისლანდიის განადგურება 3,5:0,5 და რუმინეთთან ყაიმი 2:2. დარჩენილი ოთხი ტურის შედეგად, იმედია, ვაჟებიც ამოცდებიან ცხრილში მათთვის აშკარად შეუფერელ ადგილს.

ისრაელთან წაგებამ საქართველოს ვაჟთა ნაკრები ძლიერ უკან დასწია
წილი
წინა სტატიაბრწყინვალე პსჟ
შემდეგი სტატიალინეკერმა ზიდანს და ბენზემას ისევ დასცინა
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.