ჩვენ მხდალები ვყოფილვართ!

Home სიახლეები ჩვენ მხდალები ვყოფილვართ!
ჩვენ მხდალები ვყოფილვართ!

ავსტრიაში, ნორვეგიასა და შვედეთში დაიწყო ხელბურთელ კაცთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 24 გუნდი მონაწილეობს. შეჯიბრება 26 იანვრამდე გასტანს.

პირველ ეტაპზე გუნდები 6 ოთხგუნდიან ჯგუფად არიან დაყოფილები. თითო ჯგუფის ორ-ორი გამარჯვებული გადავა მეორე ეტაპზე, რომელსაც მთავარი ეტაპი ჰქვია. მთავარ ეტაპზე შეიქმნება ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი: A,B და C ჯგუფელი პირველ-მეორეები შექმნიან I ჯგუფს, ხოლო D,E და F ჯგუფელი პირველ-მეორეები II ჯგუფს.

მთავარი ეტაპის ორ ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები მოხვდებიან ნახევარფინალში და ფინალში გასასვლელად ჯვარედინად დაწყვილდებიან.

მესამე ადგილზე გასულები მეხუთე ადგილის ბედს გაარკვევენ.

ჯგუფებში ადგილების გასანაწილებლად იმოქმედებს შემდეგი პრინციპი: ქულების რაოდენობა; პირადი შეხვედრები; პირად შეხვედრებში გოლების სხვაობა; პირად შეხვედრებში გატანილი გოლების რაოდენობა; გოლების ზოგადი სხვაობა.

პირველ დღეს, A ჯგუფში, ბელარუსმა სერიოზული განაცხადი გააკეთა, როდესაც სერბეთს 5 გოლიანი სხვაობით მოუგო: 35:30.

ბელარუსელმა ხაზის მოთამაშემ არტიომ კარალიოკმა მატჩის შემდეგ თქვა: „როგორც კი შეხვედრის მსვლელობისას საკუთარი ძალა ვირწმუნეთ, ყველაფერი კარგად წავიდა და ხუთგოლიანი სხვაობით მოვიგეთ”.

სერბეთის მწვრთნელმა ნენად პერუნიჩიჩმა კი თავის გუნდს მხდალი უწოდა: „ჩვენ ლაჩრებივით ვითამაშეთ. გუნდი არ ვყოფილვართ. არ გვჯეროდა, რომ ჩამორჩენას შემოვატრიალებდით”.

ამავე ჯგუფში ხორვატიამ 27:21 მოუგო მონტენეგროს.

C ჯგუფში გერმანიამ 34:23 მოუგო ჰოლანდიას, ხოლო ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა 33:22 აჯობა ლატვიას, რომელიც კარგა ხანს ვაჟკაცურად უძალიანდებოდა.