„ბარსელონა” მოუთმენლად ელის რა მოხდება მომავალ ზაფხულს — დატოვებს პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის” თუ არა. საქმე ის არის, რომ გვარდიოლასა და „ქალაქელების” კონტრაქტში არის მუხლი, რომლის თანახმად სწორედ 2020 წლის ზაფხულში დადგება ის ერთწლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, თუ გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს, კატალონიელ მწვრთნელს შეეძლება ინგლისურ კლუბთან ხელშეკრულება გაწყვიტოს.

მიმდინარე სეზონში გვარდიოლა და მისი „სიტი” ლიდერ „ლივერპულს” ჩამორჩებიან და, არ არის გამორიცხული, რომ დაწევა ძალიან გაუჭირდეთ. შესაძლოა, ვერც კი შეძლონ.

ინგლისურ პრესაში წერენ, რომ მწვრთნელი, რომელიც ესპანეთის, გერმანიის და ინგლისის ჩემპიონია, კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტებზე ფიქრობს. აქვე, მრავალმნიშვნელოვნად დასძენენ, რომ პეპის მეუღლე კრისტინა ერთ-ერთ შვილთან ერთად ზაფხულში ბარსელონაში დაბრუნდა. დანარჩენი ორი შვილი კი, სავარაუდოდ, მამასთან დარჩა, ინგლისში.

კრისტინა გვარდიოლა კატალონიაში წარმატებულ სამოდელო კომპანიას ფლობს და ბოლო სამი წლის განმავლობაში ინგლისსა და ესპანეთს შორის ხშირმა მიმოსვლამ დაღალა.

მკითხველისთვის შეხსენება არ სჭირდება, რომ გვარდიოლა 2008-12 წლებში „ბარსელონას” უკვე ედგა სათავეში და ლეგენდარული გუნდის შექმნა სწორედ მის სახელს უკავშირდება. დღეს, ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობით „ბარსა” კვლავ ესპანეთის ჩემპიონია და მიმდინარე პირველობასაც ლიდერობს, მაგრამ „კამპ ნოუზე” 8-9 წლის წინანდელი გუნდი და მისი წარმატება ენატრებათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „ბლაუგრანას” ჩემპიონთა ლიგა 2015 წლის შემდეგ ვეღარ მოუგია.

და რა ბედი ეწევა „მანჩესტერ სიტის” თუკი გვარდიოლა სამშობლოში დაბრუნდება?

როგორც აქა-იქ წერენ, „ეტიჰედ სთედიუმზე” ცალი თვალი უკვე უჭირავთ მაურისიო პოჩეტინოსკენ, რომელიც ცოტა ხნის წინ „ტოტენ ჰოთსფურმა” გაუშვა.

გვარდიოლას ამასწინათ ჰკითხეს, მართალია თუ არა, რომ მან შეიძლება დატოვოს „სიტი” და „ბარსელონაში” დაბრუნდეს. მწვრთნელმა უპასუხა:

„ეს მართალი არ არის. ცოტა ხნის წინ საჯაროდ და დაწვრილებით ვილაპარაკე, თუ რას ვაპირებ „სიტიში” და რა გეგმები მაქვს. აქ სრულიად კმაყოფილი ვარ.ა წასვლის იოტისოდენა მიზეზიც არ მაქვს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ეტიჰედიდან” იმიტომ გავიქცევი, რომ „ლივერპულს” 9 ქულით ჩამოვრჩები (ახლა სხვაობა უკვე 14 ქულაა), ესე იგი უბრალოდ არ მიცნობს. პირიქით, მე გამოწვევები მიყვარს. თუ „სიტის” გაისადაც ვჭირდები, ჩემი მხრივ ასი პროცენტით მზად ვარ. მანჩესტერში ცხოვრებაც მსიამოვნებს. აქ შესანიშნავი ხალხია, რომელთაც ვიცნობ და მათთან ერთად ყოფნა მსურს”.