დინ ლიენი წლის მთავარი კომერციული ტურნირის, სინკფილდის თასის გამარჯვებულია. ჩინელმა დიდოსტატმა ტურნირის ძირითადი ბადე მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან ერთად პირველ ადგილზე დაასრულა, თუმც ტაი-ბრეიკში 3:1 აჯობა და საპრიზო 325 ათასი დოლარიდან 90 ათასიც ჩაიჯიბა.
კარლსენმა ტურნირი შეუფერებლად დაიწყო, მე-10 ტურამდე ყაიმებით მივიდა და შესაბამისად ცხრილის შუაში მოძრაობდა. მე-8 ტურის ბოლოს 4,5 ქულით ტურნირზე ლიენი, ფაბიანუ კარუანა და ვიშვანათან ანანდი ლიდერობდნენ, თუმც მე-9-ში მხოლოდ ჩინელმა იმარჯვა და ერთპიროვნულად გალიდერდა. მეათეში კი კარლსენი ათამაშდა, ჯერ თეთრებით უესლი სოს მოუგო, შემდეგ შავებით მაქსიმ ვაშე-ლაგრავს. ლიენმა კი მხოლოდ ყაიმებს გამოკრა ხელი და ვიკინგიც გვერდით მიუსკუპდა.
ტურნირის გამარჯვებულის გამოსავლენად ტაი-ბრეიკი დანიშნა. პირველ სწრაფ პარტიაში თეთრები კარლსენს ერგო და ბრძოლა 34-ე სვლაზე ყაიმით დასრულდა, მეორე კი შავებით 35-ე სვლაზე და კვლავ ორი დამატებითი ბლიც პარტია დაინიშნა. პირველში თეთრებით ჩინელი გამოვიდა, მძიმე ბრძოლა გაუმართა მეტოქეს და 87-ე სვლაზე იმარჯვა. მომდევნო პარტიაში თეთრებით მოთამაშე ჩემპიონმა ვერაფერი მოუხერხა საუცხოო ფორმაში მყოფ ჩინელს, მე-40 სვლაზე დანებდა და ტურნირის პირველი ადგილიც დაუთმო.
სინკფილდის ტურნირი, რომელსაც ამერიკულმა სენტ-ლუისმა უმასპინძლა, Grand Chess Tour-ის სერიის მეხუთე ეტაპი იყო. სულ კი შვიდია და ამჟამად საერთო ცხრილს 54,5 ქულით კარლსენი ლიდერობს. მას კუდში ლიენი უდგას 38,8 ქულით.
საბოლოო ცხრილი
1. დინ ლიენი (ჩინეთი) – 8,5 (6,5)
2. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) – 7,5 (6,5)
3. ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) – 6
4. სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 6
5. შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – 5,5
6. ანიშ გირი (ნიდერლანდები) – 5,5
7. ფაბიანუ კარუანა (აშშ) – 5,5
8. იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი) – 5,5
9. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) – 5
10. მაქსიმ ვაშე-ლაგრავი (საფრანგეთი) – 5
11. ლევონ არონიანი (სომხეთი) – 4,5
12. უესლი სო (აშშ) – 4,5
