ამბობენ, ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერიაო. ჰოდა, ნიჭი ისეთი უნდა, გიო ქინქლაძეს რომ მოჰმადლა ბუნებამ. თითქოს გაელვებასავით იყო ის რამდენიმე სეზონი, „პატარა გენიოსმა“ მანჩესტერის „მეინ როუდზე“ რომ გაატარა, მაგრამ კვალი კი სამუდამოდ დატოვა.
„სიტის“ ქომაგების 90-იანელთა თაობას დღემდე ახსოვს ქინქლაძის დადგმული მონოსპექტაკლები, დღემდე ასახელებენ რაგინდარა სიმბოლურ ნაკრებში და არც ის სიმღერები დავიწყებიათ, ტრიბუნიდან ხმაშეწყობილად რომ უმღეროდნენ. ჰოდა, როგორ გამოეპარებოდა მანჩესტერულ მედიას, რომ ქინქი ბრუნდება?
ივნისში მანჩესტერის გარეუბან დიდსბერიში „Kinky’s ღვინის ბარი“ გაიხსნება, რომლის მდლობელიც გიორგი ქინქლაძეა. თუ უკვე ატეხილი აჟიოტაჟით ვიმსჯელებთ, მისი დაბრუნება ახალ ამპლუაში არანაკლებ წარმატებული უნდა აღმოჩნდეს.
ქინქლაძე უკვე საკმაო ხანია, ღვინის ბიზნესშია და რამდენიმე ვენახსაც ფლობს. სწორედ საკუთარი ღვინით აპირებს ინგლუსელთა კიდევ ერთხელ გაოცებას გიო: „სიტყვებით გამიჭირდება იმის გადმოცემა, რამდენად დიდებულია ქართული ღვინო. მოუთმენლად ველი, როდის შევძლებ ახალ ბარში ამ ღვინით სტუმრების გამასპინძლებას“.
ქინქლაძის წამოწყებამ თავიდან მისი დიდი ხნის მეგობარი და ბიზნეს-პარტნიორი პოლ ეშბიც კი გააოცა: „რამდენი წელია გიოს ვიცნობ, მაგრამ ნამდვილად არაფერი ვიცოდი მეღვინეობით მისი გატაცების შესახებ. ახლა უკვე ყველა გატაცებული ვართ ამ იდეით. მშვენიერი გუნდი შეიკრიბა და წარმატებაშიც დარწმუნებული ვართ“.
ფეხბურთელობაში მაჭარივით დუღდა და ნაპერწკლებს ისვროდა. ახლა, უკვე დაღვინებული ბიზნესმენი ქართული ღვინით გააცნობს ინგლისელებს საქართველოს.