დიეგო მარადონა ავტომობილის ძარაზე შემოჯდა, პერანგის ღილები შეიხსნა, და ღიმილით ქანაობდა აქეთ-იქით. ეს ამბავი ბრესტში მოხდა, ბელარუსში, სადაც ლეგენდა ადგილობრივი „დინამოს” თავმჯდომარედ დაინიშნა. გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის უფრო მთვრალი იქნებოდა, ვიდრე ნარკოტიკით გაბრუებული, თუმცა… ეშმაკმა იცის.
უაზროდ და ბედნიერად მომღიმარი დიეგო ცხადია ბელარუსი გულშემატკივრებით იყო გარშემორტყმული, რომლებიც თავიანთ კერპს უმღეროდნენ.
მარადონას სიგიჟის ახალი სტადია მსოფლიო მას-მედიას შეუმჩნეველი არ დარჩენია. პირველი მას ინგლისური „სანი” გამოეხმაურა, რომელმაც იქვე ჩამოაწიკწიკა როდის რა ჩაიდინა მოედნის გენიოსმა ბოლო პერიოდში. მსოფლიოს ჩემპიონატის გადამკიდე ამას დიდი შემჩნევა არც სჭირდებოდა.
ყოფილი საბჭოეთი (მსოფლიოს პირველობა ხომ რუსეთში იყო) მარადონაზე ეტყობა ცუდად მოქმედებს.