ალბათ, არ გჭირდებათ შეხსენება, ივან რაკიტიჩი რა კაცია – მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „ბარსელონას“ მაისურით აგერ უკვე მეხუთე სეზონს იწყებს და აქამდე გამართულ 135 შეხვედრაში 21 გოლიც გაუტანია.
სად რაკიტიჩი და სად ლევან ყენიაო?
კარგად რომ ჩავეძიოთ, რაკიტიჩის სუპერკარიერა ცოტათი ლევანის დამსახურებაა… სულ ცოტათი… რიკოშეტით, მაგრამ მაინც…
საქმე იმაშია, რომ გერმანულ „შალკეში“ ყენიას გადასვლა ფელიქს მაგათის მთავარმწვრთნელობისას მოხდა. გუნდში ამ დროს 22 წლის რაკიტიჩიც ბურთაობდა. ჰოდა, ფელიქს მაგათმა რაკიტიჩს ურჩია, ყენიასთან კონკურენცია გაგიჭირდება, სათადარიგოთა სკამისთვის კი მენანები და ეგებ სხვა გუნდი გენახაო. რაკიტიჩმა რომ მონახა, გზაც ისეთი უნდა, ლევანს კი არა და არ აეწყო კარიერა – ქრონიკულმა ტრავმებდა და უიღბლობამ ნორმალურად ბურთაობა არ დააცადა.
ამ საუკუნეში ყენიას დარი ნიჭი ალბათ, არც გვინახავს საქართველოში. მოაზროვნე, ტექნიკური და თამამი ბიჭი 17 წლისაც არ იყო, ეროვნულ ნაკრებში რომ დაუძახეს და გაჩნდა იმედი – გუნდმა ლიდერი იპოვა. მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. გერმანულ ეტაპს უკრაინული მოჰყვა, მაგრამ მაინც ვერაფერი გამორჩეული.
ბოლო პერიოდში ლევანი ჯანზე მოვიდა, „ლოკომოტივში“ ათამაშდა და გაჩნდა იმედი, რომ ახლა მაინც გაუმართლებდა. ჰოდა, თავის დროზე უკრაინისთვის რომ გვენანებოდა, ის ლევან ყენია ლუქსემბურგის „დუდელანჟში“ გადავიდა. პირველი ქართველი ამ ქვეყანაში.
მერე რა, რომ ქვეყნის ლამის მარადმწვანე ჩემპიონში?! მერე რა, რომ ევროპალიგის მონაწილეში?! 27 წლის ყენიასთვის, რომელსაც კარიერის ათიოდე წელი წინ აქვს, ლუქსემბურგი მეტისმეტად გვეპატარავა და ტრამპლინადაც ვერ გამოიყენებ – ერთი პატარა ბორცვია, საიდანაც ძალიან მაღლა ვერ აფრინდები.
ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებებს ვუსურვებთ ლევანს და დაველოდოთ მის დაბრუნებას ეროვნულ ნაკრებში.