კვირას, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამხრეთ ტიროლში ეროვნული ნაკრების ბანაკს ესტუმრა. სიზუსტის მოყვარული გერმანელები წერენ, რომ სახელმწიფოს მეთაური აპიანოში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ვაინეგში” 18 საათსა და 09 წუთზე მივიდა. ტიროლში მზიანი დარი იდგა.

ანგელა მერკელმა ფეხბურთელებთან ერთად ისადილა და ფოტო გადაიღო. 21 საათსა და 12 წუთზე კანცლერი შუშამუქ ავტომობილში ჩაჯდა და საწვრთნელი ცენტრი დატოვა. გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა რაინჰარდ გრინდელმა თქვა, რომ ეს იყო საქმიანი, გულწრფელი და სასარგებლო ვიზიტი.

„შპოტ ბილდი” წერს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, მერკელმა ინფორმაცია მიიღო გუნდის მომზადების შესახებ და მოთამაშეებს მსოფლიოს წინა ჩემპიონატის მსგავსი ბედი და წარმატება უსურვა.

საინტერესოა, რომ კანცლერმა გუნდის წევრებს შეჯიბრების მასპინძელი ქვეყნის ანუ რუსეთის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ რა უთხრა, არ აზუსტებენ.

ფეხბურთელები ვიზიტით კმაყოფილები დარჩნენ.

„წლების განმავლობაში საგანგებო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მისმა ვიზიტმა ჩვენ გაგვამხნევა”, — თქვა სამი ხედირამ.

იმავე აზრის არის რაინჰარდ გრინდელი. მან თქვა: „კანცლერმა ჩვენთვის დრო რომ გამონახა დიდი პატივისცემის ნიშანია. მისი სიტყვა ფეხბურთელებისთვის ყოველთვის საინტერესოა”,  — თქვა მან.

ნაკრების მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა კი თქვა: „ჩვენ სამუშაოდ და ცვლილებებისთვის დრო საკმარისად გვაქვს. ასე რომ კანცლერს ხელი არ შეუშლია”.

გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი თამაში 17 ივნისს მექსიკასთან აქვს. შემდეგ, 23-ში გერმანია შვედებს ეთამაშება, ხოლო 27-ში სამხრეთ კორეას.