წესიერად ვერ ეზეიმა ფაბიანო კარუანას ბერლინში, საჭადრაკო პრეტენდენტთა ტურნირის მოგება, რომ სამხრეთ გერმანიისკენ აფრინეს, მე-20 კატეგორიის Grenke Chess Classic-ტურნირში სათამაშოდ, რომელსაც ორი ქალაქი, კარლსრუე და ბადენ-ბადენი მასპინძლობენ. 10 დიდოსტატის მონაწილეობით და ერთ წრედ დაგეგმილი ტურნირის პირველი სამი ტური კარლსრუეში უკვე შედგა და საკურორტო ბადენ-ბადენის მყუდრო გარემოშიც მომდევნო სამი ტური გაიმართა.

ბადენ-ვიურტენბერგის მიწაზე მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეებმა მოიყარეს თავი. მთავარი მარილი მასში პლანეტის მოქმედი ჩემპიონის, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენის მონაწილეობა გახლავთ. აქვე ვხედავთ მსოფლიოს თასის მფლობელ სომეხ ლევონ არონიანს, მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ინდოელ ვიშვანათან ანანდს, ფრანგ მაქსიმ ვაშე-ლაგრავს, ქალთა შორის მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ჩინელ ჰოუ იფანს, რუს ნიკიტა ვიტიუგოვს, გერმანელ, თუმც ამჟამად აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე არკადი ნაიდიჩს და ორ მასპინძელსაც (გეორგ მაიერი და მატიას ბლუბაუმი). შეჯიბრი 2013 წლიდან ტარდება და პირველად ანადმა მოიგო, მომდევნო წელს მხოლოდ გერმანელებს შორის ჩატარდა და მისი გამარჯვებული, იმ ხანად მშობლიური ქვეყნის სახელით მოასპარეზე ნაიდიჩი გახდა, რომელმაც ქართველ დავით ბარამიძეს გაუსწრო. 2015 წელი კარლსენის იყო, 2017 – არონიანისა.

კარლსენ-კარუანას ლონდონური სპექტაკლის პირველი რეპეტიცია ტურნირის პირველსავე ტურში შედგა და თვალისმომჭრელი ბრძოლის შემდეგ 59-ე სვლაზე ყაიმით დასრულდა.

კარლსენი – კარუანა: ჯერ მშვიდობა

მთლიანად კი, მეექვსე ტურის შემდეგ ცხრილის თავში 4-4 ქულით სამი დიდოსტატია მოკალათებული: მაქსიმ ვაშე-ლაგრავი, ფაბიანო კარუანა და ნიკიტა ვიტიუგოვი. კარლსრუეში ლაგრავმა და ვიტიუგოვმა ერთობ იყოჩაღეს, ორ-ორი პარტია მოიგეს და პირველი წრეც ლიდერად დაასრულეს. ბადენ-ბადენური ბრძოლები შედარებით მშვიდობიანად დაიწყო, მეოთხეში ტურში ოთხი პარტია დასრულდა ყაიმით, მხოლოდ კარუანამ იმარჯვა და პირველადგილოსანთა რაოდენობაც გასამდა. მეხუთე ტურში სრული შტილი სუფევდა: ყაიმები და ყაიმები. დაუბერა კი მე-6 ტურში, სადაც ერთმანეთს ლიდერები, ვიტიუგოვი და ვაშე-ლაგრავი დაპირისპირდნენ. დიდოსტატებმა ცხარე ბრძოლა გამართეს, ერთმანეთს ყველა მებრძოლი დაუხოცეს და უამალოდ შთენილმა, დაღლილმა მეფეებმა 68-ე სვლაზე, როგორც იქნა, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.

ცხრილში წინგავარდნის კარგი შანსი დაკარგა კარუანამ, რომელსაც შედარებით იოლი მეტოქე ჰოუ იფანი ჰყავდა. “ვიჭიდაოთ და ვიჭიდაოთ ქალბატონო სულ!” – თქვა კარუანამ და ცოდვას ვერ დავიდებთ, 98 სვლის მანძილზე ეჯაჯგურა ტურნირის ერთადერთ მანდილოსანს, მაგრამ ჩინელი გოგო ბადენ-ბადენში დასასვენებლად როდი გახლდათ ჩასული და თავისი ნახევარი ქულა დაინარჩუნა.

სამი ტურია დარჩენილი და დღეის მდგომარეობით სატურნირო ცხრილში შემდეგი ვითარებაა:

1. მაქსიმ ვაშე-ლაგრავი (საფრანგეთი) – 4
2. ფაბიანუ კარუანა (აშშ) – 4
3. ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი) – 4
4. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) – 3,5
5. ლევონ არონიანი (სომხეთი) – 3,5
6. მატიას ბლუბაუმი (გერმანია) – 3
7. არკადი ნაიდიჩი (აზერბაიჯანი) – 2,5
8. ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) – 2
9. ჰოუ იფანი (ჩინეთი) – 2
10. გეორგ მაიერი (გერმანია) – 1,5

წილი
წინა სტატიაშავები მანჩესტერში
შემდეგი სტატიაპოგბას ყველა სჯობია?
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.