მოჰამედ სალაჰთან და რობერტო ფირმინოსთან ერთად, სენეგალელი საიდო მანე „ლივერპულის” „ჯადოსნური ტრიოს” წევრია. ამ ტრიოს ჩამოყალიბებაში დიდი როლი მერსისაიდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შეასრულა და მანეც სწორედ ამაზე ელაპარაკა გერმანულ „შპორტ ბილდს”.

„დარწმუნებული ვარ, რომ კლოპის სისტემა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოშია  ცნობილი. ის ფეხბურთი, რომელიც მან „დორტმუნდს” ათამაშა ყველას მოსწონდა. დღეს, „ლივერპულის” სტილში იმ ფეხბურთის ბევრი კომპონენტია გადმოტანილი. ლაპარაკია ინტენსიურ თამაშზე, მუდმივ შეტევაზე. ასეთი ფეხბურთის მეტოქეს ღლის, თუმცა ჩვენთვისაც ძლიერ დამღლელია. დიდი სიმძლავრე იგრძნობა. და შედეგიც არ იგვიანებს. შეხედეთ, რამდენი გოლი გავიტანეთ მიმდინარე სეზონში. სწორედ ეს არის ის, რასაც იურგენ კლოპი ითხოვს”, — თქვა მანემ.

მაგრამ სენეგალელი მწვრთნელს აფასებს არა მხოლოდ როგორც პროფესიონალს, არამედ როგორც პიროვნებას.

„ის უპირველეს ყოვლისა კარგი ადამიანია, — ამბობს მანე, — ეს კი ფეხბურთში სულაც არ არის გარანტირებული. „ლივერპულში” იურგენ კლოპი ყველა ფეხბურთელს უყვარს. ის ყოველთვის პოზიტიურად არის განწყობილი, თავის ენერგიას გადმოგვცემს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით თამაში ყველას ოცნებაა”.

„ლივერპულში” გერმანულ „ლეგიონს” მარტო კლოპი არ წარმოადგენს. მის გარდა „ენფილდ როუდზე” არიან ემრე ჩანი, მეკარე ლორის კარიუსი, ფიზიკური მომზადების მწვრთნელები და დიეტოლოგი. გერმანულად მანეც ლაპარაობს. ის ხომ 2012-14 წლებში „ზალცბურგში” იყო.

„ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. ჩვენ ბაზაზე ხშირად ლვაპარაკობთ გერმანულად. თვით ფირმინომაც კი, რომელიც თავის დროზე „ჰოფენჰაიმში” გამოდიოდა, გერმანული ინგლისურზე უკეთ იცის. „ლივერპული” ცოტა არ იყოს გერმანული კლუბია”.