„ვესტ ჰემის” ფანები მოედანზე შეიჭრნენ. ეს „ლონდონ სთედიუმზე”, იმავე ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე მოხდა, როდესაც „ჩაქუჩებმა” „ბარნლისთან” შინ 0:3 წააგეს. კლუბის თანამფლობელები დევიდ სალივანი და დევიდ გოლდი დირექტორთა ლოჟიდან დაცვამ გაიყვანა. ერთადერთი, ვინც თამაშის ბოლოს ლოჟაში დარჩა „ვესტ ჰემის” ლეგენდა ტრევორ ბრუკინგი იყო.
ფანების განრისხების ნამდვილი მიზეზი კლუბის დირექტორებით უკმაყოფილება გახლდათ, თუმცა კონკრეტული აურზაური მასპინძლების მორიგმა ცუდმა თამაშმა განაპირობა. მსაჯმა ლი მეისონმა მეტოქე გუნდების მწვრთნელებს დევიდ მოიესსა და შონ დიჩს სახიფათო ზონებში მყოფი ბავშვების უსაფრთხოებისთვის თამაშის შეწყვეტაც კი შესთავაზა.
პირველი „დამპყრობლები” მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდნენ, როდესაც ეშლი ბერნსმა „ჩაქუჩებს” გოლი გაუტანა. შემდეგ, მოედანი „გაწმინდეს“, თამაში განახლდა და… „ვესტ ჰემის” კარში მეორე გოლი გავიდა — კრის ვუდმა შეაგდო. ამას კუთხურის ალამთან მორიგი გადმოხტომა მოჰყვა. მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. მალე ჯო ჰარტის შეცდომამ ვუდს კიდევ ერთი გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა. „გაყარეთ დირექტორატი” — ერთხმად ყვიროდნენ ტრიბუნები.
მატჩის შემდეგ „ვესტ ჰემმა” გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ დაუყოვნებლივ დაიწყებს გამოძიებას. უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების მიზნით საკითხის შესწავლის პირობა დადო „ლონდონ სთედიუმის” დირექციამაც. გადაწყდა, რომ სტადიონის მეწილეები უახლოს დღეებში საგანგებოდ შეიკრიბებიან.
„მძიმე სიტუაცია იყო. მე პატივს ვცემ ფანებს, მათ თავიანთ საყვარელ გუნდზე გული შესტკივათ, მაგრამ რთულ დროში ჯობს ფეხბურთელებს მხარში დაუდგე. მოედანზე გადახტომა პრობლემას მხოლოდ ართულებს. თუმცა, პირადად მე არ შემშინებია. „ვესტ ჰემის” ფანები ჩვენ არაფერს გვერჩოდნენ. მათ თავიანთი სატკივარი ჰქონდათ”, — თქვა „ჩაქუჩების” კარში ორი გოლის ავტორმა კრის ვუდმა.
„ვესტ ჰემი” 30 ქულით მე-16 ადგილზეა. ლონდონელები გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით აღემატებიან.