სულ მცირე 60 კაცი დაშავდა. საბედნიეროდ, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არავის მიუღია, თუმცა გულწასულები იყვნენ. ეს გახლდათ გულშემატკივრების და პოლიციის რაზმის შეტაკება. ინციდენტი ბრაზილიის ჩემპიონატში „სპორტ რესიფესა” და „სანტა კრუზის” შეხვედრაში მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საქმე არ გამოლევიათ. ტრიბუნებზე დაშავებული ხალხი მოედანზე ჩაიყვანეს და იქ მკურნალობდნენ.
პოლიციის ადგილობრივმა შეფმა სეზარ მორაეშმა თავისი ქვეშევრდომებისა და ქვედანაყოფების ქცევას წარმატებულად ჩატარებული ოპერაცია უწოდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მავანმა ფანმა ტრიბუნაზე ლაზერი მოიმარჯვა და მოედანზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის თვალებში მინათება დაიწყო. ეს ბრაზილიაში აკრძალულია. პოლიციელები სექტორში შევიდნენ დამრღვევისთვის ლაზერი რომ ჩამოერთმიათ, მაგრამ წინააღმდეგობა დახვდათ. თან, პოლიციელებს ეს წინააღმდეგობა ერთმა დამრღვევმა კი არა, ადამიანთა მთელმა ჯგუფმა გაუწია. პოლიციელებმა უკან არ დაიხიეს, ცრემლმდენი გაზი მოიშველიეს, შედეგად მდგომარეობა დაიძაბა და საბოლოოდ ზვავის ეფექტი მიიღეს.
შეტაკებამ ჭყლეტა გამოიწვია. 60 დაშავებულიდან 25 საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მორაეში: „ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედეთ. ტრიბუნაზე დამრღვევი ამოვიცანით და ისე მოვიქეცით, როგორც წესები მოითხოვს. მასობრივი არეულობა ფანებმა გამოიწვიეს. შემდეგ, ჩვენი ამოცანა უკვე დაშავებულების დახმარება იყო და ამიტომ ხალხთა დიდ მასებს გზას ვუხერგავდით მოედანზე რომ არ შეჭრილიყვნენ”.
მორაეშის თქმით, პოლიციამ ხუთი ხულიგანი დააკავა.
აურზაურის შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა და 1:1 დასრულდა.