
დღეს ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდი „ნაპოლი’’ „ჯენოას’’ მასპინძლობს. ნეაპოლელები სკუდეტოსთვის იბრძვიან. ყველაფერი მათ ხელშია, ისინი „ინტერს’’ 3 ქულით უსწრებენ, სეზონის დამთავრებამდე კი 3 ტურია: წინ არის მატჩები „ჯენოასთან’’, „პარმასა’’ და „კალიარისთან’’. თუ „აძური’’ ყველა თამაშს მოიგებს, მდევარი ვერ დაეწევა.
გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე პატრეტოპეელთა თავკაც ანტონიო კონტეს მისი მომავლის შესახებაც ჰკითხეს. დარჩება თუ არა „ნაპოლის’’ მწვრთნელი თანამდებობაზე მომავალ სეზონშიც? კონტემ უპასუხა:
„სადღეისოდ ცხრილში ისეთი ვითარებაა, რომ გულშემატკივრები ამას არ მეკითხებიან. ამ კითხვაზე პასუხი საინტერესო არ არის. კითხვა, რომელსაც ფანები ხშირად მისვამენ არის: მოვიგებთ თუ არა? ამას წინ მადლობა უძღვის ხოლმე. და მე ვპასუხობ, რომ ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ. აი, რას მეკითხება ყველა და რას ვპასუხობ მე. სხვა ყველაფერი კი მოსაწყენია’’.
როგორც ხედავთ მწვრთნელმა არ უპასუხა: დიახ, ვრჩები!
ნეაპოლურ საიტებზე კი კონტეს „მარადონაზე’’ დარჩენის თემას ყველა შესაძლო მხრიდან უვლიან. ასე მაგალითად, calcionapoli24 ცდილობს მწვრთნელის გუნებ-განწყობა მისი მეუღლის ქცევის მიხედვით ამოიცნოს. პორტალი კმაყოფილებით წერს, რომ სინიორა ელისაბეტა კონტე ნეაპოლით მოხიბლულია და ძალიან შეუყვარდა სახლი, რომელშიც ცხოვრობს. იმავდროულად საიტი დასძენს, რომ მწვრთნელის მეუღლე ხშირად დადის ტურინში, სადაც მათი შვილი ვიტორია სკოლას ამთავრებს.
ნეაპოლელებს შვება მოჰგვარა იმ ფაქტმა, რომ ქალბატონი ელისაბეტა „ჯენოასთან’’ მატჩის წინ ნეაპოლში დაბრუნდა და აუცილებლად დაესწრება დღევანდელ შეხვედრას. გუშინ ის „ნაპოლის’’ ვიცე-პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისის მეუღლესთან ჟაკლინ დე ლაურენტისთან ერთად ქალაქის ცენტრში დაინახეს, რაც საგულისხმო ამბად ჩათვალეს.
calcionapoli24 ბედნიერია იმითაც, რომ ანტონიო კონტეს ნეაპოლში საყვარელი ადგილები აქვს და ამასწინათ ფაბიო კანავარისთან ერთად ერთ-ერთ კაფეში ფოტოც კი გადაუღეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
