ლინეკერი: ეს ტუხელი გერმანელების მოგზავნილი ხომ არ იყო?

ლინეკერი: ეს ტუხელი გერმანელების მოგზავნილი ხომ არ იყო?

ინგლისის ნაკრების მარცხმა არგენტინასთან მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში (1:2) ფეხბურთის სამშობლოში დიდი ბრაზი გამოიწვია. გულშემატკივრები მწვრთნელს თომას ტუხელს განურისხდნენ. მიზეზი: როდესაც ინგლისელები ენტონი გორდონის გოლით დაწინაურდნენ, 52 წლის გერმანელმა ანგარიშის შენარჩუნების მიზნით მოედანზე მცველები შეიყვანა, რამაც ცუდი შედეგი მოუტანა. ფეხბურთის ასოციაცია იწყებს საკითხის საფუძვლიან შესწავლას. ტუხელი კონტრაქტის თანახმად თანამდებობაზე ევრო 2028-ის დამთავრებამდე უნდა დარჩეს.

ნაკრებთან დაახლოებული ხალხი ამბობს, რომ ტუხელს ფეხბურთელებისთვის დაცვაში ჩაკეტვა არ დაუვალებია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 55-ე წუთზე ტეილორის გოლის შემდეგ ინგლისელებმა ბურთი მთლიანად არგენტინელებს გადააბარეს. პროცენტებში ეს ასე გამოისახა: 88-12. ინგლისური მედიის აზრით მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალისტისთვის ასეთი მაჩვენებელი სამარცხვინოა.

„სანმა“ მოაწყო მკითხველთა ონლაინ გამოკითხვა, რომელშიც 15 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის შედეგების თანახმად 58.32 პროცენტს არ სურს ტუხელი კვლავ ინგლისის ნაკრების თავკაცად იხილოს. გერმანელის მოხსნას ითხოვს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანი ნიკი ბათი, გარი ლინეკერმა კი თქვა:

„ეს თომას ტუხელი გერმანელების შემოგზავნილი ჯაშუში ხომ არ არის? ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატიდან უბრალოდ გაგვფილტრეს. ვფიქრობ, ეს გერმანიამ გააკეთა, რადგან თავად ვერ არის ამ ეტაპზე კარგ მდგომარეობაში და მარტო რომ არ ყოფილიყო ასეთ დღეში, კაცი შემოგვიგზავნა. ვხუმრობ, რასაკვირველია. ტუხელმა ახალ კონტრაქტს მსოფლიოს ჩემპიონატამდე მოაწერა ხელი, მაგრამ მაინტერესებს, თავად როგორ იგრძნობს თავს ინგლისის ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე იმის მერე, რაც ნახევარფინალში მოხდა? ის ინგლისის ნაკრების მწვრთნელად იმიტომ დანიშნეს, რომ ფინალში გავეყვანეთ. კაცის სამსახურიდან მოხსნა არასდროს მომითხოვია, მაგრამ მგონი მისი წასვლა-დარჩენა პირადად მასზე და კიდევ ფეხბურთის ასოციაციის პოზიციაზეა დამოკიდებული. ნახევარფინალით კმაყოფილი ვართ თუ არა? იცით, ამის მშვიდად მიღება ძნელია. გუნდმა გოლი გაიტანა და მერე ძალიან ღრმად ჩაჯდა დაცვაში“.

„სანის“ გამოკითხვის მონაწილეთა 32.38 პროცენტმა თქვა, რომ ტუხელის მიერ ბოლო ორ წელიწადში მიღწეული პროგრესით კმაყოფილია. 9.3 პროცენტს მკაფიო აზრი არ ჰქონდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.