2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. გუნდების რაოდენობის გაზრდამ ბუნებრივია შემოსავლებიც გაზარდა. BBC-მ გამოაქვეყნა წერილი, სადაც შეეცადა გამოეკვლია, ვინ დარჩა მოგებაში და ვინ იზარალა.
ფიფამ იხეირა
მსოფლიოს ჩემპიონატი უპირველეს ყოვლისა ფიფასთვის გამოდგა სარფიანი. ორგანიზაციამ, რომელმაც ოთხი წლის წინ ყატარში 7.6 მილიარდი დოლარი მოიგო, რეკორდი დაამხო. შემოსავალი, რომელიც ჯანი ინფანტინოს სამსახურმა ოთხწლიან პერიოდში მიიღო უკვე 13 მილიარდს აჭარბებს. შემოსავლის წყაროებია: ტრანსლაციის უფლებათა გაყიდვა, ლიცენზირება, ღონისძიების ორგანიზება, სპონსორული ხელშეკრულებები და ბილეთების გაყიდვა. „დოიჩე ბანკის“ კვლევათა მთავარი ანალიტიკოსი მარიონ ლაბურე წერს, რომ ფიფამ თავის ოფიციალურ პლატფორმასთან ერთად გაყიდული ბილეთების მეორადი გაყიდვის პლატფორმაც კი შექმნა და როგორც გამყიდველისგან, ასევე მყიდველისგან 15%-ს იღებს. ფიფა 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობას 64-მდე უპირებს გაზრდას.
გულშემატკივარმა იზარალა
ბევრმა გულშემატკივარმა ოცნება აიხდინა და მუნდიალის თამაშს ან თამაშებს დაესწრო, მაგრამ ფაქტია, რომ ფასებს ცეცხლი ეკიდა. განსაკუთრებით ძვირი იყო სტადიონის ბილეთები. სასაცილოა, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-სა და პარაგვაის შეხვედრის წინ ჰკითხეს დაესწრებოდა თუ არა ამ მატჩს, მან უპასუხა, რომ თამაშის სანახავად არ წავიდოდა, რადგან ბილეთი 1 000 დოლარი ღირდა. ფინალზე ოფიციალურად გამოჩნდა 32 970 დოლარიანი ბილეთები, ხოლო მეორად პლატფორმაზე, საიდანაც ფიფა ყველასგან 15%-ს იღებს, ზოგიერთი ბილეთის ფასმა 2 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ინფანტინო თავს იცავს და ამბობს, რომ ეს ფასები აშშ-ში სპორტული ღონისძიებების ფასებთან სრულ შესაბამისობაშია.
სტადიონის ბილეთების გარდა ცეცხლის ფასი მოედო ყველაფერს. ნიუ იორკიდან ნიუ ჯერსიში ჩასასვლელად მატარებლით 30 წუთიანი მგზავრობა 12.90 დოლარიდან 150 დოლარამდე გაძვირდა.

მაუწყებლებმა და სპონსორებმა იხეირეს
მაუწყებლებმა ტრანსლაციის უფლების მოსაპოვებლად გვარიანი თანხები გაიღეს, მაგრამ უზარმაზარი მოგებაც ნახეს. ძალიან სარფიანი გამოდგა „წყლის შესვენებები“, რომლებიც სინამდვილეში სატელევიზიო-სარეკლამო ჭრებია. Fox Sport-ზე 30-წუთიანი რეკლამა 200 000-დან 300 000 დოლარამდე ღირს. ფინალის დროს მისი ფასი კი 750 000 დოლარამდე გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ აშშ-ში წყლის პაუზების დროს გაშვებულმა რეკლამებმა შესაძლოა 250 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანოს, რამაც გააჩინა ვარაუდი, რომ ასეთი შესვენებები ფეხბურთში სამუდამოდ დამკვიდრდება.
უზარმაზარი თანხები გაიღეს სპონსორებმაც. მაგალითად Nike-მა სარეკლამო კამპანიაში 50 მილიონი დახარჯა, მაგრამ რად უნდა ლაპარაკი, რომ ამ ფულს ჰაერში არ გადაყრიდა.
ბექემმა იხეირა
„ადიდასმა“ თავის მთავარ რეკლამაში სერ დევიდ ბექემის იმიჯი გამოიყენა. რეკლამა ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა, ასე რომ თავად სერ დევიდს გადაღებებში შეიძლება მონაწილეობა არც მიუღია. შეგახსენებთ, რომ ბექემი ბრიტანეთის პირველი მილიარდერი სპორტსმენია.

მასპინძელმა ქალაქებმა იზარალეს
ფიფას ვარაუდით მსოფლიოს ჩემპიონატი გლობალურ ეკონომიკას 41 მილიარდი დოლარით გააძლიერებდა, რომელთაგან 17 მილიარდი აშშ-ს ეკონომიკაში წავიდოდა. შეიქმნებოდა 185 000 სამუშაო ადგილი, მაგრამ ოქსფორდის უნივერსიტეტის მენეჯმენტის პრაქტიკის მკვლევარი და კომპანია Oxford Global Projects-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრ ბუციერი ამბობს, რომ მასშტაბურ ღონისძიებებს გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებელი არ მოაქვთ. მასპინძელ ქალაქებში გულშემატკივრების შიშით იკლებს ჩვეულებრივი ტურისტების რაოდენობა, ხოლო ახალი სამუშაო ადგილები მხოლოდ დაბალანაზღაურებად პროფესიებს (ოფიციანტი, დამლაგებელი და სხვა) მოიცავს. ბუციერის აზრით, მასპინძელი ქალაქებისთვის ყველაზე დიდი ხეირი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.
სასტუმროებმა იზარალეს
სასტუმროები ჩივიან, რომ მოლოდინი არ გამართლდა და ჯავშნების რაოდენობა წლეულს უფრო ნაკლები იყო, ვიდრე წინა, უფეხბურთო წელს. მაღალი მოთხოვნა მხოლოდ თამაშის დღეებში დაფიქსირდა. ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციამ (AHLA) კი ფიფა დაადანაშაულა, რომ მან თავისთვის არაბუნებრივად ბევრი ნომერი დაჯავშნა, რითაც ხელოვნური მოთხოვნა შექმნა.
ტოტალიზატორებმა იხეირეს
2026 წლის მუნდიალი ტოტალიზატორებისთვის ყველა დროის ყველაზე ხეირიანი შეჯიბრება გამოდგა. საფინანსო კომპანია Macquarie-ს ცნობით ტოტალიზატორებში ფსონების სახით შევიდა დაახლოებით 50 მილიარდი დოლარი – მატჩზე საშუალოდ 500 მილიონი. ეს, რასაკვირველია, გუნდების რაოდენობის გაზრდამ განაპირობა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი17/07/2026 | 09:22ლინეკერი: ეს ტუხელი გერმანელების მოგზავნილი ხომ არ იყო?
აქეთურ-იქითური17/07/2026 | 08:07ვინ იხეირა და ვინ იზარალა მსოფლიოს ჩემპიონატით?
სიახლეები16/07/2026 | 09:25ინგლისელი ვეტერანები ტუხელის წინააღმდეგ
მთავარი ამბავი16/07/2026 | 07:53მესი ფინალშია!
