საქართველოს მორაბეთა ნაკრებმა „მიხეილ მესხზე“ რუმინეთს უმასპინძლა, ერთის წილ 7 ლელო გაუტანა, 43:5 იმარჯვა და „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, რომელიც 17 მარტს პარიზის „ჟან ბუენზე“ გაიმართება.

მიმდიანრე გათამაშებაში ბორჯღალოსნებს პირველად დაემატნენ ვასილ ლობჟანიძე და დავით ნინიაშვილი და ამ წყვილის გამოჩენამ ნაკრებს ახალი ელფერი შესძინა – პირველი ბურთს უფრო სწრაფად ათამაშებდა, მეორე კი მაღალ ბურთებზე დომინირებდა და შეტევასაც სიმწვავე შესძინა.

საბოლოოდ ნინიაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მანამდე კი საინტერესო სანახაობის 80 წუთი იყო.

ბორჯღალოსნებმა ანგარიში პირველივე შეტევით გახსნეს: აკაკი ტაბუცაძე თავის ფლანგზე ყველას გაექცა და 39-ე სანაკრებო კეპი 33-ე ლელოთი აღნიშნა. თურმე ეს მხოლოდ დასაწყისი ყოფილა – აკამ შეხვედრა ჰეთ-თრიქით დაასრულა და ანგარიში 35 ლელომდე გაზრდა. მეორე ლელო ტაბუცაძემ ტაიმის ბოლოს გაიტანა და ორივე შემთხვევაში ლუკა მატკავამ გარდასახვა ვერ მოახერხა. გარდა ამისა ბორჯღალოსანმა მგეზავმა ერთი საჯარიმო დარტყმაც გააცუდა და მეტი არც დაურტყამს, ასე რომ სანაკრებო ანგარიში 100 ქულამდე ვერც ამ შეხვედრაში გაზარდა.

50-ე წუთზე კი ნინიაშვილმა მშვენიერი სალელოვე პასი მირიან მოდებაძეს გაუკეთა, რომელმაც 31-ე სანაკრებო მატჩი მშვენიერი მე-11 ლელოთი დააგვირგვინა. ამ ჯერზე გარდასახვა უკვე ნინიაშვილმა ითავა და ანგარიში 17:0 გახდა.

56-ეზე თავი ჩვენმა შერკინებამ გამოიჩინა – მორიგი დერეფნის მოგების შედეგად შექმნილმა მოლმა ლელოსკენ კი არ იმოძრავა – იფრინა და ბექა გორგაძემ სწრაფადვე დაამიწა ბურთი – 22:0, „პოს“ მესამეხაზელმა 44-ე სანაკრებო კეპს მე-12 ლელო დაურთო, ერთობ იოლი გარდასახვა კი უკვე ნინიაშვილმაც გააცუდა.

64-ე წუთზე რუმინელები წინ კიდევ ერთ მოლს ვერ აღუდგნენ და გორგაძის ნაცვლად თამაშში ჩართულმა ლუკა ივანიშვილმა კიდევ ერთი ლელო დადო, რომელიც მისთვის მეორე გამოდგა მე-11 სანაკრებო მატჩში, ხოლო დავით ნინიაშვილმა ამჯერად აღარ ააცილა და ანგარიში 29:0 გახდა.

ამ მომენტმა რუმინელთა თავმოყვარეობაზე იმოქმედა და მათი ხანგრძლივი შეტევა ლელოთი დასრულდა, რომელიც უკვესტუმართა დამრტყველმა ვერ გარდასახა – 29:5.

შემდეგ, 75-ეზე აკაკი ტაბუცაძე კვლავ დაუსხლტა „მუხებს“, ჰეთ-თრიქი გაიფორმა, ხოლო გარდასახვების შესრულება თედო აბჟანდაძეს დაეკისარა, რომელიც თამაშში მატკავას ნაცვლად ჩაერთო. ნინიაშვილმა მანამდე ფეხი იტკინა, თუმცა საკმაოდ გამოცდილ აბჟანდაძეს მიზანი გასწორებული ჰქონდა და ანგარიში 36:5 გახდა.

უკვე გაწითლებულ დროში კი თავი შეცვლაზე შესულმა დემე თაფლაძემ გამოიჩინა, ვისაც ასისტენტობა კვლავ ნინიაშვილმა გაუწია. თედომ ესეც გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 43:5.

ამიერიდან თედოს სანაკრებო ანგარიშზე 51 მატჩი და 351 ქულაა, ნინიაშვილს 28 შეხვედრაში 63 ქულა დაუგროვდა, ხოლო თაფლაძემ 35-ე კეპი მე-4 ლელოთი გაალამაზა.

ეს იყო და ეს, საქართველოს ნაკრები ფინალშია და ელოდება მეტოქეს, რომელიც კვირას პორტუგალი ისა და ესპანეთის ჯახში გამოვლინდება.