ესპანეთის „სამეფო თასის” მერვედფინალში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” შინ წააგო „სელტასთან” 1:3. მამარდაშვილს ამ შეხვედრაში, ისევე როგორც სხვა სათასო მატჩებში, მონაწილეობა არ მიუღია. კარს ჯაუმე დომენეკი იცავდა, რომელმაც წაგების შემდეგ თქვა:

„შინ 1:3 დამარცხება მტკივნეულია. ძალიან გვინდოდა თასზე კარგად გამოვსულიყავით. გულშემატკივარმა გულმხურვალედ დაგვიჭირა მხარი, „მესტალია” სავსე იყო, ჩვენ კი სათანადოდ ვერ ვითამაშეთ. გადამწყვეტი როლი პირველი ორი გოლის გაშვებამ და ორბურთიანმა ჩამორჩენამ ითამაშა”.

„ვალენსიას” მწვრთნელი რუბენ ბარახა: „ცუდად ვითამაშეთ. ახლა ჩანაწერს უნდა ჩავუსხდეთ და გავაანალიზოთ რა მოხდა. „მესტალიაზე” მეტოქე ორი გოლით ვერ უნდა დაწინაურდეს. როდესაც არ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია და რაც უნდა ვაკეთოთ, მყისიერად მოწყვლად გუნდად ვიქცევით ხოლმე”.

„სელტას” თავკაცი და იმავდორულად „ვალენსიას” მწვრთნელი-ლეგენდა რაფა ბენიტესი: „ვალენსიელებს კარგი პერიოდი აქვთ. ისინი საკუთარ ძალებში დარწმუნებულები არიან და ცხადი იყო, რომ შემოგვიტევდნენ. ბარახამ ყველაფერი სწორად დაგეგმა. დღევანდელი შეხვედრა „ვალენსიამ” კი არ წააგო, „სელტამ” მოიგო. ჩვენ თავს კარგად ვიცავდით და კონტრშეტევებზეც კარგად ვთამაშობდით”.