მამარდას ორი ეპიზოდი და ვალენსიას ერთი ქულა

Home კატეგორიის გარეშე მამარდას ორი ეპიზოდი და ვალენსიას ერთი ქულა
მამარდას ორი ეპიზოდი და ვალენსიას ერთი ქულა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „რაიო ვალეკანოს” უმასპინძლა, 1:1 ითამაშა და ახლა 27 ქულა აქვს, იმდენივე, რამდენიც ბოლოსწინა „ალმერიას” და მეთვრამეტე ადგილზე მყოფ „ესპანიოლს”. თუმცა, ვალენსიელთათვის ცხრილი მაინც ადრინდელზე ლამაზად ჩანს, რადგან ბურთების სხვაობის გამო მათი გუნდი გასავარდნი ზონის გარეთ წერია. უფრო ზემოთ კი „ვალიადოლიდსა” და „კადისს” 28 ქულა აქვთ. ერთი სიტყვით ცხრილის ქვედა ნაწილში სიმჭიდროვეა.

„ღამურების” დაცვა თამაშის დასაწყისში, მე-9 წუთზე, უხეშად შეცდა და მიუხედავად იმისა, რომ სანტი კომესანას ახლოდან დარტყმულს მამარდაშვილი მაინც შეეხო, ანგარიში გაიხსნა. ამის შემდეგ, გიორგის თავისი ოსტატობის გამომჟღავნება 88-ე წუთამდე აღარ დასჭირვებია — 88-ეზე, როდესაც ანგარიში უკვე 1:1 იყო, ქართველმა სალვი სანჩესის დარტყმა საოცარი რეაქციით კუთხურზე მოიგერია. დანარჩენ ეპიზოდებში მამარდა ფაქტობრივად ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა, საჯარიმოს გარეთ გამოდიოდა და ბურთს შემტევებს აწვდიდა.

მეორე ტაიმი „ვალენსიამ” მეტოქის ნახევარსა და მის საჯარიმოსთან გაატარა. დიდი ზეწოლის გამო მასპინძლები სულ მცირე ფრეს ნამდვილად იმსახურებდნენ, მაგრამ აშკარად ჰქონდათ შეტევათა დაგვირგვინების პრობლემა. მათ ანგარიში პენალტით გაქვითეს. ამ შეხვედრაში იმოქმედა ბავშვობის დროინდელი წესის, სამი კუთხური — ერთი პენალტის მსგავსმა, სამი პენალტისმაგვარი — ერთი პენალტის წესმა.

მამარდაშვილს და მის თანაგუნდელებს შემდეგი თამაში კვირას, 9 აპრილს, უშუალო კონკურენტთან, „ალმერიასთან” აქვთ სტუმრად.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.