ჯაკომო რასპადორიმ 89-ე წუთზე თამაშის ბედი გადაწყვიტა. საგოლე პასი ჯანლუკა გაეტანომ მიაწოდა. „სასუოლოს” ყოფილმა თავდამსხმელმა გამარჯვების გოლი იოლად შეაგდო: „ნაპოლიმ” „სპეციას” 1:0 მოუგო და ცხრილის სათავეშია.

ლუჩანო სპალეტიმ „ლივერპულთან” ტრიუმფის შემდეგ შემადგენლობა გადაახალისა, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა. გარკვეულწილად ალბათ ამის ბრალიც იყო, რომ გუნდმა ვარსკვლავურად ვეღარ ითამაშა. „ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ პირველი ტაიმი მოსაწყენი იყო და რაღაცით ჰგავდა „ლეჩესთან” ფრედ დასრულებულ შეხვედრას. იტალიის ყველაზე ავტორიტეტული სპორტული გაზეთის აზრით შესვენებამდე ერთფეროვნებას ხვიჩა კვარაცხელია არღვევდა. მან მე-15 და 23-ე წუთებზე მეტოქის პოლონელი მეკარე ბარტლომეი დრაგოვსკი აიძულა ოსტატობა ეჩვენებინა. ქართველმა ამ შეხვედრაში ერთხანს იმავე დონეზე ითამაშა, როგორც „ლივერპულთან”. გარდა იმ ეპიზოდებისა, როდესაც მან თავად სცადა გოლის გატანა, ხელსაყრელი მომენტები შეუქმნა ანგისასა და ელმასს.

შესვენების შემდეგ კი სპალეტიმ ლობოტკა და ჟელინსკი ჩართო თამაშში, ხოლო კვარაცხელია 67-ე წუთზე ჯოვანი სიმეონეთი შეცვალა. საბოლოოდ, ძლიერმა მაინც გაიმარჯვა, თუმცა ამას წინა ორ შეხვედრასთან შედარებით წვალებით მიაღწია.

სერია A-ს შემდეგ ტურში „ნაპოლი” „სან სიროზე” „მილანს” ეთამაშება.