გიორგი მამარდაშვილის კოლეგა-კონკურენტი ჯასპერ სილესენი სამშობლოში, ჰოლანდიაში ბრუნდება — ის „ნაიმეგენში” ითამაშებს. ადრეც გვითქვამს, რომ სილესენი „ვალენსიას” ერთ-ერთი ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელი იყო. მისი გაყიდვით „ღამურებმა” იშოვეს ფული, რომლითაც შეძლებენ რეგისტრაციაში გაატარონ ახალწვეულები სამუ კასტილეხო და სამუელ ლინო. უახლოეს მომავალში კლუბი ოფიციალურად მოაგვარებს მამარდაშვილის საკითხსაც — ახალ კონტრაქტს დაუმტკიცებს.
სილესენი კლუბს ფინანსურ ტვირთად აწვა. როგორც AS წერს, ფეხბურთელებისთვის გამოყოფილი თანხის 20 პროცენტი მასზე იხარჯებოდა. ხელშეკრულების თანახმად მას „მესტალიაზე” კიდევ ერთი წელიწადი უნდა გაეტარებინა.
ჰოლანდიელი ფინანსურად პრობლემას წარმოადგენდა, მაგრამ მოედანზე შეუცვლელი იყო, რის გამოც „ღამურები” შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ პოულობდნენ, მაგრამ გიორგი მამარდაშვილის მოულოდნელმა გამოჩენამ და სეილესენის ტრავმამ მდგომარეობა შეცვალა. გასულ სეზონში ნიდერლანდელმა მეკარემ თანდათანობით სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, რის გამოც მის პოზიციას ეროვნულ გუნდშიც საფრთხე დაემუქრა. არადა, წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატია, რომლის გაცდენაც მას არ უნდა.
სილესენის წასვლის შემდეგ „ჩეების” მწვრთნელს ჯენარო გატუზოს სამი მეკარე რჩება: მამარდაშვილი, ხაუმე დომენეკი, რომელსაც კონტრაქტის ვადა 2023 წელს გაუდის და კრისტიან რივერო, რომელიც ჯერჯერობით მესამე მეკარედ მოიაზრება.
წუხელ, „ვალენსიამ” „კასტელონთან” ჩაატარა ამხანაგური თამაში. გატუზომ სასტარტო შემადგენლობაში ხაუმე ათამაშა, მამარდაშვილი კი 65-ე წუთზე შეიყვანა მოედანზე. გიორგის საქმეში ჩართვა არ მოუხდა.
„კასტელონმა”, რომელიც 100 წლის კლუბია (იუბილეს ამ დღეებში ზეიმობს) და ესპანური ფეხბურთის მესამე საფეხურზე თამაშობს, ვალენსიის ავტონომიური რეგიონის დერბიში 1:0 გაიმარჯვა. ბოლოს ასეთი რამ 19 წლის წინ მომხდარა.