გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მადრიდში „რაიო ვალეკანოსთან“ 1:1 ითამაშა. „ღამურები“ კარლოს სოლერის მიერ 57-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ მასპინძელთა თავდამსხმელმა სერხიო გვარდიოლამ 83-ზე ანგარიში გაქვითა. მადრიდელები ფრეს ნამდვილად იმსახურებდნენ. ვალენსიელთა ქართველი მეკარე რომ არა, ისინი უეჭველად მოიგებდნენ. გიორგიმ სამ ეპიზოდში ჩინებული რეაქცია გამოავლინა, 90+2 წუთზე კი ის საჯარიმოში შევარდნილ რანდი ნტეკას ფეხებში ჩაუვარდა და კარი იხსნა. კუთხურებიდან და სათამაშო სიტუაციებიდან ჩაწოდებულ მაღალ ბურთებზე უშეცდომოდ გამოსვლებზე აღარაფერს ვამბობთ.

მატჩის შემდეგ „ჩეების“ მწვრთნელს ხოსე ბორდალასს ჰკითხეს, რა შთაბეჭდილება დატოვა მასზე თამაშმა, მისი გუნდი (ალბათ მოახლოებული თასის ფინალის გამო) ძალებს ხომ არ ზოგავდა .

— არ გეთანხმებით, — უპასუხა ბორდალასმა, — ჩვენი ამოცანა მადრიდიდან სამი ქულის წაღება იყო, მაგრამ მოწინააღმდეგედ გვყავდა გუნდი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში შინ ძლიერად თამაშობს. ვიცოდით, რომ ინტენსიური თამასი გველოდა, თუმცა მიზეზების გამო ცალკეულ პოზიციებზე ხალხი გვაკლდა და „რაიოს“ ინტენსიობაში ვერ ავყევით. მასპინძლებმა პრობლემები შეგვიქმნეს, ოღონდ დღეს გმირი მამარდაშვილი იყო. თუმცა, ისიც უნდა დავძინო, რომ ჩვენც შევქმენით მომენტები.

ბორდალასმა მამარდაშვილი კიდევ ერთხელ ახსენა, როდესაც მას თავისი ადრინდელი ნათქვამი გაახსენეს, „რაიოსთან“ შედეგის მიხედვით გამოჩნდება ვართ თუ არა ის გუნდი, საუკეთესოებთან კონკურენცია რომ შეგვიძლიაო. ამ კითხვაზე მწვრთნელმა გულდაწყვეტით თქვა, რომ გიორგის დიდებული თამაშის მიუხედავად მისმა გუნდმა გამოუცდელობის გამო შეხვედრის მიწურულს გოლი გაუშვა.

— ფეხბურთელები გაფრთხილებულები მყავდა, რომ მეტოქე კონტრშეტევებზე გამოგვიჭერდა და ამიტომ მაქსიმალურად ორგანიზებულად უნდა ემოქმედათ, შეტევაში ბევრნი ერთად არ უნდა წასულიყვნენ. ჩვენი გუნდი ამბიციურია, მას სწორი განწყობა ჰქონდა, მაგრამ თამაშის სიმარტივე და დაგვირგვინება გვაკლდა.

AS-ს ქვესათაურშივე ეწერა, რომ „რაიო“ გამარჯვებას იმსახურებდა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან მამარდაშვილის დიდებულ თამაშს შეასკდა. მომენტების სიტყვიერი აღწერით აქ თავს აღარ შეგაწყენთ, იმას კი დავძენთ, რომ ამ გავლენიანმა ესპანურმა გაზეთმა ორივე გუნდის ფეხბურთელებიდან ყველაზე მაღალი შეფასება ქართველ მეკარეს მისცა.

ხოლო Superdeporte-მ თავის მიმოხილვას ასეთი სათაური დაარქვა: ვალენსია ვალეკასში მამარდაშვილს ეყრდნობოდა.

„ვალეკასში დამტკიცდა, რომ „ვალენსია“ საცობში მოხვდა და ევროპაზე გამსვლელებთან მიახლოება ვერ შეძლო. გუნდმა მამარდაშვილის მიერ მოგერიებული ბურთების და ომარ ალდერეტეს კარგი დაცვის წყალობით ფრედ ითამაშა“, — წერს გამოცემა, რომელიც რამდენიმე აბზაცის შემდეგ გიორგის პირველ ეპიზოდში გამოვლენილ რეაქციას უქებს:

„ქართველი მეკარის რეაქცია ქებას იმსახურებდა. ის სიმაღლის მიუხედავად  სწრაფად და მოხერხებულად გადახტა, არადა ცოცხალ კედელში მდგომი თანაგუნდელები, რომლებმაც ისი პალასონის პირველი დარტყმა თავზე მიიღეს, მეორე დარტყმის დროს თავიანთ მეკარეს ეფარებოდნენ“.

გიორგის ქების სიტყვები არც სხვა ეპიზოდებში გამოვლენილი კარგი თამაშის გამო მოჰკლებია.

31 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 42 ქულით მე-9 ადგილზეა, თუმცა ევროთასებზე გამსვლელთა ზონას 12 ქულით ჩამორჩება.