ბერნარდო სილვამ თავის ფრანგულ ბულდოგს ჯონი დაარქვა. ჯონს ასეთი პატივი წილად „მანჩესტერ სიტიში” სილვას თანაგუნდელის და უახლოესი მეგობრის ჯონ სტოუნზის პატივსაცემად ხვდა.
სილვა „სიტიში” 2017 წელს „მონაკოდან” გადავიდა და მისი „ეტიჰედზე” მისვლის დღიდან ის და სტოუნზი დამეგობრდნენ. პორტუგალიელისა და ინგლისელის მეგობრობა მოედანს გასცდა.
დღეს საღამოს პრემიერლიგაში მანჩესტერული დერბია, „სიტი” „იუნაიტედს” ხვდება. „თაიმსმა” მატჩის წინ ბერნარდო სილვას ინტერვიუ ჩამოართვა და მასში საუბარი ცუგა-ჯონსაც შეეხო. სილვამ თქვა:
„მე და ჩემს მეგობარ გოგონას ჯონი უკვე ცხრა თვეა გვყავს. ჯერჯერობით უშვილოები ვართ, ამიტომ ჩვენს ოჯახში ბავშვი ეს პატარა ბულდოგია. მას ძალიან მოსწონს ჩვენთან ყოფნა”.
სილვას ძაღლს რომ ჯონი ერქვა, პირველად კაილი უოქერისგან გახდა ცნობილი. მან დაპოსტა თანაგუნდელის ფოტო ლეკვთან ერთად და მიაწერა: „ძაღლისთვის ჯონის დარქმევა მარტო ბერნარდო სილვას შეეძლო”.
მიმდინარე სეზონში სილვა კარგად თამაშობს. „მანჩესტერ სიტი” კი პრემიერლიგის ტიტულისა და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისთვის იბრძვის. არადა, შარშან, დაახლოებით ამ დროს, პეპ გვარდიოლა ამბობდა, რომ პორტუგალიელს ინგლისში ცხოვრება აღარ უნდოდა და წასასვლელად ემზადებოდა. ამაში დამნაშავე იყო პანდემია, რომელმაც ფეხბურთელი დათრგუნა. მას განსაკუთრებით მაშინ გაუჭირდა, როდესაც შინ მარტოს მოუწია ჯდომა.
სილვა: „ხალხს პანდემია ჩემზე მეტად შეეხო, მაგრამ მე ოჯახისგან შორს ვიყავი და ამიტომ გამიჭირდა. ერთი ხნის შემდეგ უკვე ვახერხებდი პორტუგალიაში ჩარბენას, მშობლებთან სადილობას და ორიოდ დღეში უკან დაბრუნებას. მესმის, რომ სადილი სადილია და მეტი არაფერი, მაგრამ ადამიანს მშობლების ნახვა გახარებს.
აი, მანამდე კი ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ბინაში სულ მარტო ვიყავი. მერე, ჩემი მეგობარი გოგონა ჩამოვიდა და ცოტა მიშველა”.
ბერნარდო სილვა ამბობს, რომ საკუთრივ „მანჩესტერ სიტიზე” მას გული არასდროს აცრუებია.
„მე მიყვარს „მანჩესტერ სიტი”. მიყვარს ჩემი თანაგუნდელები, ფანები, კლუბი. საბედნიეროდ, რთულმა დროებამ ჩაიარა და მე გუნდში დავრჩი. შევეცდები რაც შეიძლება დიდხანს ვიყო „სიტის” ფეხბურთელი”.
მიმდინარე ჩემპიონატში ბერნარდო სილვამ 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.