ძმაო, ბადრი!
შენ წახვედი, დაგვტოვე და წარმოდგენა არ გაქვს რა დავკარგეთ იმ ხალხმა ვინც ახლა უაზროდ შევჩერებივართ ერთმანეთს. წარმოდგენა არ გაქვს რას ნიშნავდა თითოეული ჩვენგანისთვის შენთან ურთიერთობა.
ჩვენო ბადრი, შენ ვერც კი ხვდებოდი რამდენად კარგი ადამიანი იყავი და როგორ ამართლებდი საოცარ გვარს – კეთილაძე.
დიდებული ფოტოხელოვანი რომ იყავი ალბათ გრძნობდი, მაგრამ ქუჩაში საოცარი მოკრძალებით დადიოდი. წესიერი კაცი იყავი და იმიტომ.
კარგ ფოტოს რომ გადაიღებდი ბედნიერების გრძნობა გეუფლებოდა. ცხოვრობდი კადრიდან კადრამდე, გიყვარდა შენი ხელოვნება, ოჯახი, სამეგობრო, ქალაქი, ქვეყანა და ამ სიყვარულზე მეტი ცოდვილ მიწაზე არაფერი გეგულებოდა. ნამდვილ შემოქმედს ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაც შემოქმედისა გქონდა.
თბილისში საოცარი წლები გავატარეთ ერთად, მაგრამ გული ყოველთვის მშობლიური ქუთაისისკენ მიგიწევდა და აკი, როდესაც შეძელი დაუბრუნდი ქალაქს რომელმაც გშვა და აღგზარდა.
ამიტომაც დააკლდი ყველას: ქუთაისს, თბილისს, საქართველოს. ვიცით ბადრი, ცხოვრებამ ბევრჯერ გიმუხთლა, მაგრამ ვერ გაგაბოროტა. მაღალი სტანდარტებით იცხოვრე და ქვეყნიდან ვალმოხდილი წახვედი. აი, წუთისოფელი კი შენს წინაშე ვალში დარჩა.