უეფას ერთა ლიგის გათამაშების ახალმა სისტემამ ჩვენთვის სრულიად ახალ გარემოში გვიკრა თავი: შეიძლება ითქვას, ჯგუფური ტურნირი გახურებულია, საქართველოს ნაკრები კი უდანაკარგოდ ლიდერობს. ოდეს ყოფილ არს აქამომდე, რომე ქვეჯგუფისთვის უპირობო ფავორიტის რანგში გადმოგვეხედოს, მაგრამ ფაქტია. გუშინ ვლადიმირ ვაისმა მეტოქე ანდორას ნაკრების მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა და მათ მთავარ ძალად მთავარი მწვრთნელი დაასახელა. ლოგიკურიცაა: პაწაწკინტელა ქვეყანამ, აუტში გადასულ ბურთზე მეზობელ ქვეყანაში რომ უწევთ სირბილი, ხუთი მატჩი წაუგებლად გაიარა და უნგრელებს სულაც საქვეყნოდ მოსჭრა თავი. ამის მიუხედავად, დღეს საღამოს “დინამო არენაზე” ანდორა უნდა დავჩაგროთ. თანაც ისე, რომ ლატვიაში სტუმრობის წინ ენერგიაც არ გავანულოთ. ამის ობიექტური წინაპირობები გვაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ვაისის განკარგულებაში ერთადერთი ნომინალური ფორვარდი კაჭარავაა, სტადიონზე წამსვლელი ქომაგი უხვგოლიანი სანახაობის მოლოდინში იფშვნეტს ხელებს.
კაჭარავას კვიპროსში დიდი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ დღეს, ალბათ, თავის გამოჩენის შანსი მიეცემა და უნდა გამოიყენოს. მის გარდა, ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში ვაკო ყაზაიშვილი და თორნიკე ოქრიაშვილიც იქნებიან – ორივე ძალიან ტექნიკური და მუდმივად მეტოქის კარზე მუდმივად დაგეშილი. ანდორელთა კარგად ორგანიზებულ დაცვას სწორედ მათ უნდა მოარგონ გასაღები. განაცხადში იქნება ჯანო ანანიძეც, ახლახანს რომ მოიშუშა ტრავმა და რუსეთის თასზე ითამაშა კიდეც. ვაისი მისი ფიზიკური კონდიციებით კმაყოფილია, თუმცა მისი ფუნქციონალური მზადყოფნა აფიქრებს. სავარაუდოდ, ჯანო მეორე ტაიმში გამოჩნდება მოედანზე.
შეიძლება ისე მოხდეს, ჯგუფში გამარჯვება და რანგით ზედა დივიზიონში გადასვლა ლატვიაში გავინაღდოთ, თუმცა სანამ რიგაში ჰოპლას ვიტყოდეთ, ჯერ თბილისში ანდორას გადავახტეთ. ფავორიტის როლი უნდა მოვირგოთ და მოვიგოთ!
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
