მახსოვს, როგორ არა, დიდი ჯიუტი ძიაკაცი იყო. 1981 წლის 17 თუ 18 მაისი იდგა, მერვე კლასში ვიყავი და მეგონა, რომ თბილისის „დინამოს“ სამარადისოდ ეპყრა ადგილი ევროპულ ელიტაში.
კიროვის პარკში შატალოზე ყოფნისას შევიარე და მერხზე ჩამომჯდარი ძიაკაცების გუნდის შორიახლოს გავჩერდი. იქ გვარიანი, ცეცხლოვანი კამათი მიმდინარეობდა: ერთნი აცხადებდნენ, „დინამო“ ევროპაში საუკეთესო გუნდია, ჩემპიონთა თასის ფინალში მყოფ „რეალსა“ და „ლივერპულსაც“ გაბდღვნისო. მეორენი ამბობდნენ, ეს კი ასეა, მაგრამ ამ „დინამოს“ 60-იანი წლების „დინამო“ სჯობდა და ის, რომ რუსებს ევროპაში გაეშვათ, უეჭველად რომელიმე თასს ჩამოიტანდაო.
მაგრამ იყო ერთი ჯიუტი და ენაკვიმატი ძია, რომელიც ამბობდა: ვიტალი დარასელია რომ არა, ჩვენ თასს ვერ ავიღებდით და საერთოდ, დიდი გაუგებრობაა „დინამომ“ რომ თასი აიღოო.
მის ამ სიტყვებს გვარიანი ხმაური მოჰყვებოდა ხოლმე, მაგრამ ძია სულ სხვაგვარად, ერთიდაიგივეს იმეორებდა: ჩვენ კარგი ევროპული გუნდი არ შეგვხვედრია და თასი კი ღირსეულად ავიღეთ, მაგრამ ამ გამარჯვებაზე გაუთავებელი ლაპარაკი სისულელეაო.
ბევრი ოხერი სიტყვა უთხრეს ამასაც, მაგრამ მხოლოდ ხითხითებდა, ბოლოს კი ჩემსკენ გამოიშვირა თითი და თქვა: აი, ამ სკოლის გამცდენ ბიჭს ხომ ხედავთ, ჩვენების თასი ისეთი ამბავია, რომ აღარ განმეორდება და ეს ბიჭი შვილიშვილებს მოუყვება, როგორც ძველისძველ ლეგენდას, ისე მოუყვებაო…
მაისის ეს კვირა ევროპის თასთა თასის ფინალის კვირაა. ეს სწორედ ის კვირაა, ჩვენი ფეხბურთის უდიდეს წარმატებას რომ გვახსენებს.
ის ჯიუტი ძია ყოველთვის მახსენდება, რადგან, თუმცა შვილიშვილები ჯერ არ მყავს, მაგრამ ევროპულ ტროფეისაც ვერ ვხედავ ძალიან ახლოს.
ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ახლა სხვა დროა.
მაშინ ჩვენ არ გვქონდა საერთაშორისო ფეხბურთის ცქერის საშუალება. ქომაგები გაზეთებით და დავით ქლიბაძის გადაცემაში ნანახი მომენტებით მსჯელობდნენ უცხოურ კლუბებზე. „დინამო“ რომ იგებდა და ლამაზი გოლები გაჰქონდა, ბევრი თვლიდა, რომ ჩვენს და იქაურ ფეხბურთს შორის განსხვავება აღარ არის. ის საუცხოო დრო იყო. „დინამოს“ საუცხოო ფეხბურთელები, დიდი თაობა ჰყავდა. სხვა უნდოდა ქომაგს? „დინამო“ იმარჯვებდა თავის საუცხოო ფეხბურთელებით, მწყობრი თამაშით და აღარავის ახსოვდა, რომ იქაურ ფეხბურთსა და აქაურ ფეხბურთს შორის მაინც დიდი, დიდი განსხვავება იყო.
რატომ და იმიტომ, რომ ჩვენ მაინც საფეხბურთო გარეუბანში ვმოღვაწეობდით, იქ კი ამ დროს საფეხბურთო რევოლუციები ხდებოდა. მაგრამ ამისა ჩვენ არაფერი ვიცოდით. ამიტომ იყო, რომ ვამბობდით, სუპერთასზე „ლივერპული“ დაგვემალა. დაგვემალებოდა, აბა რა, შარშანწინ ხომ ბდღვირი ავადინეთო. ამიტომ იყო, რომ სიმონ ტაჰამატამ, ერიკ გერეცმა და არი ჰაანმა ჩვენს ნაწვალებსა და ნათამაშევს წყალი გადაასხეს. ამის მერე კი „სტანდარდი“ სუპერგუნდი გვეგონა, მან კი ფინალი წააგო.
და მაინც, ის დიდი ზეიმის დღე იყო, გუნდიც საუცხოო გვყავდა, მაგრამ ის თასი, რატომ და რისთვის, არ ვიცი, დაღმასვლის დასაწყისი გამოდგა. იმ 1981 წლის შემდეგ თბილისის „დინამოს“ არანაირი ფასეული ტიტული არ ჰქონია.
რატომ?
იმ ძიამ თუ იცოდა. მას აშკარად ჩვენზე, გახარებულებზე და ბედნიერებზე მეტი გაეგებოდა.
ასე იყო ლამის ოცი წლის წინათ, მაისის მზიან დღეებში. აგერ, ოთხშაბათსაც თასთა თასის ფინალი იყო. ვფიქრობ, საოცარი, ჯიგრიანი, სწრაფი და ლამაზი. მოედანზე ვარსკვლავების თვლა ჭირდა, სამი ხელის თითები მაინც დაგჭირდებოდა.
ასეა.
იქ მაინც სხვაა, სხვა თამაში და სხვა გაქანება.
19.05. 1997