საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის ტურნირში, რომელსაც სამხრეთაფრიკული კეიპ ტაუნი მასპინძლობს, მეორე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და დიდი ნაბიჯი გადადგა II დივიზიონისაკენ, სადაც თავისი არსებობის არც ისე ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში – პირველი საერთაშორისო მატჩი 2010 წელს გამართა – არასოდეს უთამაშია!

ქართველმა ჰოკეისტებმა უმთავრესი კონკურენტი – ბულგარეთის ნაკრები – დაამარცხეს და ამით დამაჯერებელი რევანში აიღეს ადრე – 2014-სა (1:19) და 2017-ში (3:9) – განცდილი ორი მარცხისათვის.

ანგარიში ქართველებმა მე-4 წუთზე გახსნეს – ჩვენი მეტობისას არტიომ კურბატოვმა შორეული დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი. ამის შემდეგ თანაბარი თამაში მიმდინარეობდა და ხიფათიც თითქოს არსაიდან ჩანდა, მაგრამ მე-11 წუთზე დაცვაში უყურადღებოდ გავისარჯეთ და სლავებს იოლად გავათანაბრებინეთ ანგარიში. ამან მეტოქეს თავდაჯერება შემატა. ბულგარელები გააქტიურდნენ და მესამედის ბოლოს – მე-19 წუთზე – წინ გასვლაც შეძლეს.

მეორე მესამედი როლანდ სვანიძის გუნდმა მეტი შემართებითა და უფრო მობილიზებულად დაიწყო. ბულგარელები არაფრით გვჯობდნენ და მატჩის ისევ საჩვენოდ მოტრიალებაც სავსებით შესაძლებელი ჩანდა. ასეც მოხდა – 29-ე წუთზე არტიომ კოზიულინმა ალექსანდრ ვასილჩენკოსთან გათამაშებული ორსვლიანი კომბინაცია გამთანაბრებელი გოლით დააგვირგვინა, ხოლო მოგვიანებით უკვე თავად ვასილჩენკომ გაიბრწყინა: 37-ე წუთზე ჯერ ბულგარელებს დაცვაში დაშვებული შეცდომა არ აპატია, სულ რაღაც 11 წამში (!) კი მახვილი კუთხიდან უმძლავრესი დარტყმით მეორე შაიბაც მიითვალა. რა გასაკვირია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ იგი დაასახელეს!

ამის შემდეგ გამარჯვება წუთითაც აღარ დამდგარა ეჭვის ქვეშ – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 45-ე წუთზე კოზიულინმა ბულგარელი მცველის წაფორხილებით ისარგებლა და თავისი მეორე, ხოლო ნაკრების მეხუთე გოლი გაიტანა. 52-ე წუთზე მეტოქემ მეტობისას ერთი შაიბაღა გაქვითა და საბოლოოდ ტაბლოზე 5:3 დაფიქსირდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მატჩი და ორი საუცხოო სტილში მოპოვებული გამარჯვებაა. ახლა მთავარია, დარჩენილი სამი შეხვედრაც ასეთივე შემართებით და აღმაფრენით ჩავატაროთ. განსაკუთრებული ყურადღება, ცხადია, ზეგ მასპინძლებთან, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან გვმართებს. იმის გათვალისწინებით, რომ ბულგარელებმა გუშინ მასპინძელთა გოლიათ მეკარე ეშლი ბოკს ოთხი უპასუხო შაიბა შეუგდეს, ჩვენთვის განსაკუთრებული პრობლემების შემქმნელნი არც ეგენი უნდა იყვნენ. თუმცა სიფრთხილეს თავი მაინც არ სტკივა. ხვალ ჩვენი მეტოქე ჰონკონგი იქნება, ხოლო ტურნირს ტაივანთან მატჩით დავასრულებთ.

წილი
წინა სტატიათვითმკვლელი ტალანტი
შემდეგი სტატიავაკო ყაზაიშვილი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ
დიონისესთან ხელგადახვეული ლევან კელაურაძე თუ არ გინახავთ, დიდ მოვლენებს თქვენს გვერდით შეუმჩნევლად ჩაუვლია. შუმერებთან და კარდუხებთან გაბაასებული ლევანი ბნელი გარეუბნებიდან გამოსული ოთხოსნებისთვის ნამდვილი განმანათლებელი და უბრალოდ კარგი მეგობარია.