ფეხბურთს თუ უყურებ, რივალდოც იცი. იცი კი არა, აუცილებლად იცი და ეგებ არც მოგწონდეს ის გუნდები, რომლებშიაც მას უთამაშია, მაგრამ ეს უმნიშვნელოა. ყოველთვის ასეა, როცა ფეხბურთის ჯადოქრებზე მიდგება საქმე.
ხმელი, ფეხებდაგრეხილი, თითქოს ზოზინა, თითქოს ზარმაცი… მოხერხებული, არაადამიანურად მოქნილი, ღრუბელივით რბილი და მოედანზე ვითმდა უდარდელი. აი, როგორია რივალდო…
ის კიდევ ასეთია: მისი დარტყმა მხოლოდ დარტყმაა, ასე ვერავინ და არავინ დაარტყამს. მისი პასი, მხოლოდ პასია, ვერავინ მოახერხებს მისი ხერხებით ბურთის გადაცემას. მისი დრიბლინგი ხომ მხოლოდ მისია და მეტი არავისი.
მისი სიმაღლისა და წონის ფეხბურთელები, ჩვეულებრივ, ცოტა სხვაგვარი ხერხებით ცდილობენ თამაშს, რივალდო კი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი ფეხბურთელია დღეს, მინდორზე მყოფთა შორის. მისი ბუნებრივობა, ცხადია, ნიჭიდან მოდის. ბუნებრივობა ისედაც დამახასიათებელია ბრაზილიაში შობილი ვარსკვლავებისთვის.
31 წლის წინათ რესიფეში დაბადებულმა რივალდომ, რომელსაც საბუთის ენაზე ბორბა ფერეირა ვიტორი ჰქვია, მრავალი ათასი თანატოლივით ჯერ თავისით ისწავლა თამაში, ბუნებრივად ჩამოქნა თავისი სტილი და თამაშის ხერხები და მხოლოდ ამის შემდეგ, გამორჩეული ნიჭის წყალობით მოხვდა ნამდვილ ოსტატთა ფეხბურთში.
 კარიერის განმავლობაში რივალდომ შვიდი კლუბი გამოიცვალა და დიდი კლუბებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა. ჩვეულებრივ, ფეხბურთელები უცებ, ნახტომისებურად უმატებენ. რივალდო ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა მაღლა. ერთი ციდა „პაულისტადან“ ცოტა მოზრდილ „სანტა კრუზში“ აღმოჩნდა, იქიდან „მოჟი მირიმში“ და 1993 წელს სან პაულუს დიდი კლუბის, „კორინთიანსის“ თავდასხმაში ამოჰყო თავი. მერე იყო სამწლიანი კარიერა „პალმეირასში“, სადაც 53 გოლი გაიტანა და ბრაზილიური მნიშვნელობის ვარსკვლავიც შეიქნა. ნაკრებში მოხვედრამ ევროპისკენ გზა გაუხსნა და გალისიურ ლა კორუნიაში აღმოჩნდა. გალისიაში ბრაზილიელებს ყოველთვის შინაურ ხალხად თვლიდნენ და რივალდოც შინაური კაცი იყო ამბიციურ და თავისებურ „დეპორტივოში“. ყოველივე ამას კი ბრწყინვალე სანაკრებო კარიერაც დაერთო, რამაც რივალდო მსოფლიო ვარსკვლავად აქცია და მას ევროპის „ოქროს ბურთი“ მოუტანა. ამ დროს იგი უკვე „ბარსელონაში“ თამაშობდა თავის ჯადო-ფეხბურთს.
კატალონიის დედაქალაქში ლუის ვან გაალის მიბრუნებამ რივალდო ოჯახიანად გადაისროლა პირინეიდან აპენინებზე, მოდის, ოპერისა და დიდი ფეხბურთის ქალაქ მილანში.
რივალდო მილანელი გახდა. მილანელია ჩვენებური კახა კალაძეც.
სეუ ბორბას სატელეფონო ინტერვიუზე ადრევე შევუთანხმდით. ცხადია, საქართველოს შესახებ არაფერი გაეგონა, მაგრამ მილანში გადასვლის შემდეგ უკვე საკმაოდ შეეტყო.
ამ ლაღ და მხიარულ ბიჭთან სატელეფონო საუბარიც კი კაცს ხასიათზე მოიყვანს. ცხადია, რომ ინტერვიუ მოხითხითე რივალდოსთან დაგეგმილზე ბევრად დიდ ხანს გაგრძელდა…

Rivaldo, the big attraction for the Barça Legends in Recife

საღამო მშვიდობისა, გაზეთისარბიელისაქართველოდან
გამარჯობათ.
ახლახან ინტერვიუზე შევთანხმდით
დიახ, მახსოვს, სიამოვნებით ვისაუბროთ, ოღონდ, თუ შეიძლება ნახევარ საათში გადმომირეკეთ, ახლა საექიმო კაბინეტში ვარ, მასაჟს ვიკეთებ.

რივალდოს იმ დღეს არ უვარჯიშია, ისვენებდა. ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა და ვიდრე მოედანს დაუბრუნდებოდა, კუნთები უნდა მოეწესრიგებინა. ნახევარი საათიც მიილია და ბრაზილიელმა სასაუბროდ მოიცალა…

იცით, საიდან გირეკავთ? საქართველოზე რამე გსმენიათ?
მხოლოდ კახა კალაძის გაცნობის შემდეგ გავიგე, რომ არის ასეთი ქვეყანა – საქართველო, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარეობს. მილანში ჩამოსვლამდე თქვენს ქვეყანაზე წარმოდგენაც არ მქონდა. ახლა ისიც ვიცი, რომ თქვენი ქვეყანა საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო.
კალაძესთან მეგობრობთ?
მასსავით კეთილ და მხიარულ ბიჭს იშვიათად შევხვედრილვარ. დიახ, კახასთან ვმეგობრობ, ხშირად ერთად ვვახშმობთ. ახალჩამოსულს გუნდთან და ქალაქთან შეგუება კახამაც გამიიოლა, ქალაქი დამათვალიერებინა, თანაგუნდელებისა და კლუბში მომუშავეთა გაცნობაში დამეხმარა. ერთი ეგაა, რომ ენის პრობლემა მაქვს და ხშირად ისეთი ურთიერთობა არ გამოგვდის, როგორიც გვსურს.
იტალიური არ იცით?
მიჭირს ლაპარაკი, მხოლოდ პორტუგალიური და ესპანური ვიცი.
ესპანეთიდან იტალიაში ჩასულს არ გაგჭირვებიათ?
უკვე ოთხი თვეა, მილანში ვარ და კალაძისა და სხვა თანაგუნდელების დახმარებით, აქაურობას ნელ-ნელა ვუშინაურდები. მილანში თავს კარგად, მყუდროდ ვგრძნობთ.
ბარსელონასთან განშორება ძალიან განიცადეთ?
ბარსელონა ჩემთვის უსაყვარლესი ქალაქია და ვწუხვარ, რომ ხშირად ვეღარ ვახერხებ იქ ჩასვლას. კატალონიასთან ტკბილი მოგონებებიღა მაკავშირებს. ბარსელონაში კეთილი, მოსიყვარულე ხალხი ცხოვრობს. რა დამავიწყებს იმ სითბოს, რასაც „დეპორტივოდან“ „ბარსელონაში“ გადასვლის დღიდან „მილანში“ წამოსვლამდე ვგრძნობდი. მე მიყვარს კატალონია, ბარსელონა.

 

 

Brazilian Legend Rivaldo Contemplates Comeback with Mogi Mirim | Bleacher  Report | Latest News, Videos and Highlights

მაშ, ის გვითხარით, რატომ დატოვეთ გუნდი, რა მოხდა თქვენსა დაბარსელონასმწვრთნელ ვან გაალს შორის?
მიზეზი მარტივი იყო: გუნდის კრება ჩატარდა და კონკრეტულად დასახელდა იმ ფეხბურთელთა გვარები, რომლებიც მწვრთნელს არ სჭირდებოდა.გამოუსადეგართა შორის მეც აღმოვჩნდი, ეს ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო და ამ შეკრების შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობას ცალკე შევხვდი. დიდ ხანს არ გვისაუბრია, სათქმელი პირდაპირ ითქვა, შენთვისაც უკეთესი იქნება და ჩვენთვისაც, „ბარსელონას“ თუ დატოვებო. რა გზა მქონდა, მაშინვე დავემშვიდობე „ბარსელონას“, წალაპარაკებაც არ მოგვსვლია. ახალი გუნდის გამოძებნაში დახმარება კი შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვუთხარი, მე და ჩემი აგენტი ამ საქმეს უკეთ გავაკეთებდით. ახლა „ბარსელონაზე“ არანაკლებ სახელოვან გუნდში ვარ.
მილანისგარდა თამაშს კიდევ სად ისურვებდი?
ისევ „ბარსელონაში“.
ღმერთი გწამთ?
დიახ, მორწმუნე ვარ და აქამდე სწორედ ღვთის შეწევნით მოვედი.
აქამდეო, ამბობთ. რას გულისხმობთ?
ფეხბურთელი ვარ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. თავს ბედნიერ ადამიანად ვთვლი და მსურს, ყველა ასეთი იყოს.
ცხოვრებაში რა გაღიზიანებთ?
უაზრო ადამიანები.
ანუ
ისეთები, რომლებიც ნორმალურად, ადამიანურად ვერ აზროვნებენ. კარგია, რომ ჩემს ირგვლივ უაზრო ადამიანი არ არის.
თქვენი უახლოესი მეგობარი საფეხბურთო სამყაროდანაა?
არა. უმეტესობასთან ბავშვობიდან ვმეგობრობ და ისინი ბრაზილიაში ცხოვრობენ.
მოედანზე საუკეთესო პარტნიორად ვინ მიგაჩნიათ?
ვერავის გამოვარჩევ. „ბარსელონაში“ ლუის ენრიკე იყო, ბრაზილიის ნაკრებში, რა თქმა უნდა, რონალდო. „მილანში“ კი ჩემი პარტნიორი მთელი გუნდია, გვსიამოვნებს ერთად თამაში.

Rivaldo "Surprises" with his candidate for Balloon of Gold

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ვის თვლი?
რონალდოს, ფიგუს, რაულს და დელ პიეროს. მათ მოედანზე სასწაულების კეთება შეუძლიათ.
რივალდოს არა?
საკუთარ თავზე რივალდო არაფერს ლაპარაკობს. ეს სხვების საქმეა.
საუკეთესო მწვრთნელი?
კარლო ანჩელოტი და ვანდერლეი ლუშემბურგო.
გუნდი?
„ბარსელონა“ და „დეპორტივო“.
მილანელიმილანს“ „ბარსელონასდადეპორტივოსამჯობინებს?
სულ ოთხი თვეა, აქ ვთამაშობ და დღესდღეობით „მილანის“ საუკეთესოობაზე ვერაფერს გეტყვით.
რეალი“?
რატომ მეკითებით, „რეალს“ ქომაგობთ?
არა, თქვენი აზრი გვაინტერესებს
„რეალი“ კარგი გუნდია, სადაც ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობენ.
და მეტი არაფერი?
საუკეთესოდ მაინც „ბარსელონასა“ და „დეპორტივოს“ ვთვლი.
შეგიძლიათ ესპანური და იტალიური ლიგების შედარება?
ბოლო დროს ამ ქვეყნების დონე მეტ-ნაკლებად გათანაბრდა. შესაბამისად, მსგავსებებიც ბევრია, თუმცა ორივე ლიგას თავისებური ხიბლი აქვს. ვარსკვლავები იტალიაშიც მრავლად თამაშობენ და ესპანეთშიც, ისინი ფეხბურთს ალამაზებენ. მე კი იქაც და აქაც თავს მშვენივრად ვგრძნობ. ქომაგები ალბათ იმიტომაც მაფასებენ, რომ მათ მიმართ თავადაც მუდამ კეთილგანწყობილი ვარ.
თქვენი ყველაზე დიდი იმედგაცრუება
ასეთი რამ არ ყოფილა. მე ვცხოვრობ და ეს მახარებს.
როგორც ფეხბურთელს, ნაკლი თუ გაქვთ?
მაქვს, როგორ არა – ზარმაცი ვარ, თანაც, ძილი მიყვარს.
მსოფლიოს ერთერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ასეთ დონეს როგორ მიაღწიეთ?
თანდაყოლილი ნიჭისა და ღვთის მადლით. როცა ბავშვობა მაგონდება, ვხვდები, შრომას რა ფასი აქვს.
ბავშვობაში არ ზარმაცობდით?
მთელი ბავშვობა ქუჩაში, ბურთთან ერთად გავატარე, ბურთის გარდა ჩემთვის არაფერი იყო, ახლაც ასეა – ბურთი და ოჯახი.
ფეხბურთელის თქვენი იდეალი?
დიდი ფეხბურთი მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატიდან მახსოვს. მაშინ ზიკო ბრწყინავდა, მისი თამაში დღემდე თვალწინ მიდგას. ის შეუდარებელი იყო. სამწუხაროდ, ზიკო და მაშინდელი ბრაზილიის ნაკრები ჩემპიონები ვერ გახდნენ, არადა, იმსახურებდნენ. საერთოდ კი, ბრაზილია მსოფლიოში პირველობას იქამდე შეძლებს, სანამ გუნდი ტექნიკურ ფეხბურთს არ უღალატებს. როცა ბურთზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ძალა ან სხვა რამ იქნება, ბრაზილია საკუთარ სახესაც დაკარგავს და ჩემპიონობასაც.

Rivaldo Wiki 2022 - Current Job, Lovelife, Net Worth, Cars & Houses

რომელი გუნდი შეგეცილებათ?
იტალია, გერმანია, არგენტინა, ესპანეთი.
გერმანიაში საფრთხე გელით?
არა მგონია, თუმც იქამდე ხომ ოთხი წელიწადია.
თქვენი თავისუფალი დრო
ოჯახთან ერთად ვარ, მეუღლესთან და შვილებთან ყოფნა ყველაფერს მირჩევნია.
რამდენი შვილი გყავთ?
ქალ-ვაჟის მამა ვარ. რივალდინიო შვიდი წლისაა, ტამარისი – ხუთის.
რივალდინიოც ფეხბურთს ითამაშებს?
ბურთს მამასავით დასდევს და ვნახოთ, რა იქნება. სერიოზული ვარჯიში ჯერ არ დაუწყია.
ჟურნალისტებთან როგორი ურთერთობა გაქვთ?
მშვენიერი, თუმც პრესას არ ვკითხულობ.
რატომ?
კითხვა არ მიყვარს. წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს ტელევიზორი და მუსიკა მირჩევნია.
ყველაზე დიდი სიხარული?
რივალდინიოსა და ტამარისის დაბადება. ისინი, მსოფლიოს ჩემპიონობა და ოქროს ბურთი.

28.12.2002