„ბაიერნი” გერმანიის ნაკრებზე ძლიერი გუნდია. ის განსაკუთრებულია”, — თქვა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რონალდომ გერმანულ ჟურნალ „11 მეგობართან” საუბარში. „რეალის” ყოფილი თავდამსხმელი სხვა ბევრს საინტერესო თემასაც შეეხო.
შეგახსენებთ, რომ რონალდო სამჯერ (1996, 1997, 2002 წლებში) დაასახელეს მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად. მონდიალების ფინალურ ეტაპზე ჩატარებულ 19 შეხვედრაში მან 15 გოლი გაიტანა. „ფენომენი” მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია — 1994 წელს გუნდში ირიცხებოდა და მართალია არ უთამაშია, მაგრამ მაინც დააჯილდოეს ოქროს მედლით, ხოლო 2002 წელს, ტურნირის გმირი გახლდათ.
კითხვაზე, ვინ არის მსოფლიოს მოახლოებული ჩემპიონატის ფავორიტი, რონალდომ უპასუხა: „ვფიქრობ ჩვენ, ბრაზილიელებს გვაქვს ტიტულის კიდევ ერთხელ მოგების დიდი შანსი. ამას რომ ვამბობ, ნეიმარის ტრავმასაც ვითვალისწინებ. ის ხომ დაშავებულია და არავინ იცის როდის ჩადგება კვლავ კარგ ფორმაში. ფავორიტად მიმაჩნია გერმანიაც. თანაფავორიტები კი ესპანეთი და არგენტინა არიან”.
რა მოსწონს რონალდოს გერმანულ ფეხბურთში?
„ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ გერმანელები ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც კი აძლევენ თამაშის შანსს, თუნდაც ნაკრებში”.
რომელ გერმანელ ფეხბურთელებს გამოჰყოფდა?
„მე თავდამსხმელები მიყვარს. განსაკუთრებით თომას მიულერი მომწონს. დიდებული ფეხბურთელია ტონი კროოსიც. მადრიდში ვცხოვრობ და „რეალის” ყველა შეხვედრას ვესწრები. კროოსი საოცრად ჭკვიანურად თამაშობს. მე ასეთი ფეხბურთის ყურება ძალიან მსიამოვნებს”.