ვიქტორ ოსიმენი სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღის მთავარი გმირი გახდა — მისი ყიდვა „ჩელსისაც” უნდოდა და „ალ-აჰლისაც”, ის კი „ნაპოლის” შერჩა. როგორც ფრანგული „ეკიპის” ჟურნალისტი ლოიკ ტანზი წერს, გაწბილებული ფეხბურთელი ახლა კატეგორიულად აცხადებს, რომ „ნაპოლის” მაისურით მოედანზე ფეხს აღარ შედგამს. სავარაუდოდ, „ნაპოლისაც” აღარ სჭირდება ოსიმენი.
ოსიმენი ის კაცია, რომელმაც გასული წლის დეკემბერში „აძურისთან” კონტრაქტი განაახლა — კლუბს ხელფასად წელიწადში ათ მილიონ ევროზე მეტი დაანიშნინა და თავის მხრივ გამოსასყიდ თანხად 130 მილიონის ჩაწერაზე დაყაბულდა. ნეაპოლელთა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ეგონა, რომ ასე გამდიდრდებოდა, მაგრამ ნიგერიელში 130 მილიონის გადახდა არავინ ინდომა. აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი თავიდან „პარი სენ ჟერმენის” იმედად იყო, პარიზელებმა კი რეალური ნაბიჯი არ გადადგეს. ევროპული სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს ოსიმენს ორი მყიდველი ჰყავდა, „ჩელსი” და „ალ-აჰლი”, ორიდან ერთი უნდა აერჩია. „მარადონაზე” დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან „ნაპოლის” ახალ მწვრთნელ ანტონიო კონტეს მისი ფავორიტი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ჩამოუვიდა.
ვინ წარმოიდგენდა, რომ ოსიმენი ტრანსფერის გარეშე დარჩებოდა, მითუფრო, რომ „ალ-აჰლიმ” წელიწადში… 40 მილიონი ევრო შესთავაზა. მაგრამ, როგორც ჩანს, გარიგება დე ლაურენტისმა ჩაშალა, რადგან საუდელები ფეხბურთელში 70+10 მილიონს იხდიდნენ, „ნაპოლის” პრეზიდენტს კი 130 მილიონი უნდოდა. მოგეხსენებათ, თავიდან ოსიმენი აცხადებდა, რომ საუდის არაბეთში ცოცხალი თავით არ გადავიდოდა, მაგრამ ბოლოს ყაბულს იყო.
ნიგერიელის ყიდვასთან ახლოს გახლდათ „ჩელსიც”, თუმცა ეს შეთანხმებაც ეკონომიკური მიზეზების გამო ვერ შედგა. აქ უკვე ლონდონელები აძლვდნენ ფეხბურთელს იმაზე ნაკლებს, ვიდრე ის ითხოვდა. და დარჩა ერთი თეორიული ვარიანტი: საუდეთის რომელიმე სხვა კლუბი. არაბებთან სატრანსფერო ბაზარი 6 ოქტომბრამდე ღიაა. თუ ესეც არ გამოვიდა და ოსიმენს სულ მცირე იანვრამდე მარტო მოუწევს ვარჯიში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
