საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
  • ინგლისში რეფორმა მზადდებაო, არ გაგიგია?
  • არ გამიგია. მთელი მაგათი რეფორმა იმაში, რომ ვიღაც ტყიურები მიჰყავთ და მერე ვარსკვლავებს ეძახიან.
  • და რა ეშველება ინგლისურ ფეხბურთს?
  • რა უნდა ეშველოს. სანამ მოკლე შვებულებას არ გააუქმებენ, არაფერი გამოვა.
  • ეგ მოკლე შვებულება რაღაა?
  • რაღაა და ისაა, რომ რომელიმე გამორჩეული თამაშის წინ მთელ გუნდს სხვა ქალაქში წაიყვანენ.
  • რატომ?
  • რომ დათვრნენ და იქაური პაბები დალეწონ. მერე კიდევ იქაურ ქალებს ან სულაც ერთმანეთს დაერიონ.
  • ეგ როგორ?
  • როგორ და ისე. „სიტი“ რომ კუნძულ ჯერსიზე წავიდა საქეიფოდ, მერე ვიღაც ბიგლიმ რომ ქალს ძუძუზე წაავლო ხელი და ქინქლაძე რომ სუდში დაიბარეს…
  • არ მახსოვს.
  • როგორ არ გახსოვს?
  • არა, თვითონ „სიტი“ რა არის, ეგ არ მახსოვს.
  • ის ხომ გახსოვს, წინა კვირაში რომ შუა დუბლინში შირერმა გილესპი გალახა?
  • უიმე, შირერი მაგას არ იკადრებდა, როგორ მოუვიდა?
  • მოუვიდა. არა ის, ლაბანოვსკიმ თქვა, შირერი ეგოისტიაო. ან რომელი ლორდი კავენდიში ეგა მყავს, არ ეკადრა? ერთი გლეხის ბიჭია. მუქთ ჰურსა სჭამს.
  • რეებს ბედავ შირერზე. მუქთს რატომ?
  • აბა ფეხბურთს ეგ აღარ თამაშობს და დადის კასტილით, ვინ არის, ჯონ სილვერია? რატომ უნდა ვითმინოთ მაგის მუქთახორობა?
  • და გილესპიმ რაღაო?
  • მილიციაში არ მისულა. ძმაკაცს გადაურეკა და შირერს უნდა ელაპარაკონ.
  • ვინ? ძველი ბიჭები არიან?
  • თან კი და თან არა. ერთი ხოტორა კლიენტია, ჯულიან დიკსი და კიდევ ერთი ხოტორა კლიენტია, დენის უაიზი. ლონდონელი მასტები არიან. „ვესტ ჰემში“ და „ჩელსიში“ სტოსი მიყავთ.
  • სტოსი რა არის?
  • კაპიტნები არიან, რაღა. კაი პურისმჭამელი და კაი სიტყვის მთქმელი ბიჭები. გილესპისთან ახლობლობენ.
  • უიმე, რამე არ უქნან შორერს. მსოფლიოს ჩემპიონატზე რა გვეშველება?
  • ეგ არაფერი, ოუენი გამოვა წესიერი ბოვში.
  • ეგენი მოკლავენ შირერს.
  • ეგრე არ არის. ამასაც ყავს ახლობლები იმათ ჩაიყვანს.
  • ვინ?
  • ერთი მაგარი ბიჭია, დეივ ბეტი, მაგარი პროშლი აქვს. შირერი იყო ასული და, აპრავდანიას აგაღებინებო, ბეტიმ უთხრა, კიდევ ერთია, რობ ლი, ეგეც ნიუკასლელი. შირერის ჩერეზძმაკაცია და გამკეთებელი კლიენტია.
  • საშინელი ამბავი ატყდება. შუაში ჩამდგომი არავინ არაა?
  • კანტონა რომ იყოს, იცოცხლე, ის ჩაუდგებოდა შუაში, სიტყვას მაინც დატოვებდა, ახლა არავინ ჩანს.
  • დალგლიში არაფერს აკეთებს?
  • წავიდეს მაგის ქარაქუცა… დაიმალა, ტო, ალანა და დეივა ავიდნენ,დავილაპარაკოთო და ცოლი გამოუშვა, სახლში არ არიო. როგორ არ იყო? მანქანა ქვემოთ ეყენა.
  • იან რაიტი რომ ჩაერიათ? შავია მაინც…
  • უთხრეს და მე მაგათ რიჟა საქმეში არ გავერევიო.
  • აბა ბერხკამპს ხო არ ეტყვიან?
  • არა. ტო, მანდ სად არის ბერხკამპის სალაპარაკო.
  • და გაზა? გაზა იტყოდა თავის სიტყვას.
  • რა, გაზა?
  • გაზა ჩარიონ. გაზაზე უკეთეს ვინ იტყვის?
  • გიჟია ტო, ეგრევე მიჭრის ვინმეს. თან ეხლა ვერ არი, ხო იცი…
  • და კოლინ ჰენდრი, ან დიური, ან ალი მაკოისტი?
  • მაიცა რა, მაგ საქმეში ქაჯი შოტლანდიელების გარევა იქნება?

14.03.1998