მილოდან კარკასონამდე 181,5 კილომეტრი გაიარა პელოტონმა კვირას.
მიუხედავად იმისა, რომ შეტევები მრავლად იყო, შეიძლება ითქვას, ლიდერები და მათი გრეგარები ხვალინდელი დასვენების დღეს არ დაელოდნენ და საკმაოდ მშვიდად, აუღელვებლად ირბოლეს. ამის დასტური პელოტონის ფინიშიც იყო, როცა არავის გამოუდია თავი და მცირედი აჩქარების გარეშე გაიარა ყველამ ბოლო მეტრები.
„პირველი საათის მანძილზე ბევრი შეტევა იყო. მშვიდად ვცდილობდით გვეკონტროლებინა, რომ მათგან არცერთი ყოფილიყო ჩვენთვის სახიფათო. მარტენის იერიშისას, ვიცოდით, ის 7 წუთს აგებდა, ამიტომ არ ავნერვიულებულვართ. მერე ცოტა ბარდემ შეგვაფიქრიანა, მაგრამ სიტუაციის მართვა ხელიდან არ გაგვიშვია. „ტურ დე ფრანსის“ ყვითელი მაისურის ტარება რაღაც განსაკუთრებულია, მართალია ამ ფერს პარიზ-ნიცაზე და დოფინეს ტურნირზეც გავუშინაურდი და შარშან აქაც მოვირგე, მაგრამ ახლა ვგრძნობ, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი სწორედ ესაა. პირინეებში წარმატება 50% ფეხების და 50% ტვინის სიძლიერეზე იქნება დამოკიდებული“ – თქვა ლიდერმა გერენტ ტომასმა.
მართალიცაა უელსელი, „სქაის“ დღეს არცერთი სახიფათო შეტევა არ დაუტოვებია უყურადღებოდ და სამშაბათიდან უკვე თავად შეეცდება საკუთარი ლიდერთა დუეტის ეტაპის მოიერიშეებში ჩანერგვას, რათა საერთო ჩათვლის გამარჯვებულის ბედი ნაადრევად გაარკვიოს და მისთვის განკუთვნილი ჯილდო 500 ათასი ევრო მალევე დაიბევოს. მე-15 ეტაპის გამარჯვებული კი მოიერიშეებმა გამოავლინეს.
დღის მთავარი შეტევა 29 მრბოლისგან შემდგარმა ჯგუფმა განახორციელა, ოღონდ ეს ჯგუფი ერთდროულად არ ჩამოყალიბებულა. მერე რამდენიმე მრბოლმა სცადა სხვადასხვა მონაკვეთზე განმარტოება, მაგრამ ძლიერი გვერდითი ქარის გამო, ყველას ეწეოდნენ. ფინიშამდე 6 კილომეტრით ადრე იზაგირე, კორტ ნილსენი და მოლემა გაიქცნენ. უკან მოტოვებულებში ნილსენს ასტანელი თანაგუნდელი ვალგრენი ყავდა, რომელმაც გუნდისგან მითითება მიიღო კონტრიერიშები ეკონტროლებინა, რასაც მშვენივრად გაართვა თავი და სამეული კარკასონამდე ვეღარავინ შეაწუხა.
ყაზახური გუნდის გათვლა სწორი აღმოჩნდა, მერიდას ესპანელი იზაგირე უფრო მსუბუქი და მთის მრბოლია, ტრეკის ჰოლანდიელი მოლემა დაღლილი ჩანდა, ამიტომაც ბოლო 250 მეტრიანი სპრინტისას მათ ნილსენს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ასტანამ ზედიზედ მეორე ეტაპი მოიგო.
ორშაბათს ტური ისვენებს, სამშაბათს კი პირინეებს შეუყვება და რამდენიმე მცირედი მთის გადავლის შემდეგ ორ პირველი კატეგორიის სირთულის დაბრკოლებას შეერკინება 208 კილომეტრიანი ეტაპის დასკვნით 60 კილომეტრზე.
ტურ-დე-ფრანსი. საერთო ჩათვლა
პირადი ჩათვლა (ყვითელი მაისური)
[table id=17 /]
პირად ქულათა ჩათვლა (მწვანე მაისური)
[table id=18 /]
“მთის ლომი” (ჭრელი მაისური)
[table id=19 /]
იუნიორთა პირადი ჩათვლა (თეთრი მაისური)
[table id=20 /]
გუნდური ჩათვლა
[table id=21 /]
ავტორის პროფილი
- გაიოზ თალაკვაძე ფრანგული ენის უბადლო მცოდნე, ფრანგული სპორტისა და კულტურის დამფასებელი, თავად კულტურული და მშვიდი გურულია (sic) თბილისის ჯიგრიან უბან ნახალოვკიდან. მისი ტექსტები არსით ისეთივე წესიერია როგორც თავად გაიოზი.
უახლესი პოსტები
დავთარი01/08/2018 | 22:58სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს
დავთარი29/07/2018 | 01:12პირველი უელსელი ჯადოქრების ციხიდან
დავთარი28/07/2018 | 00:06ველოზე გაცვლილი თხილამურები
აქეთურ-იქითური27/07/2018 | 00:09რატომ მოწყდით მთავარ ჯგუფს?
