ნეაპოლის მედიაში გამოჩნდა ცნობა, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს 23 წლის ფრანგი ფეხბურთელის ენზო ლე ფეს შეძენა უნდა. მასზე ამბობენ, რომ დიდი მომავალი აქვს. ის „ლორიანში” თამაშობს და მეტსახელად „პატარა ჯადოქარს” უწოდებენ, რადგან ტანად პატარაა და მიმდინარე სეზონში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ლე ფემ 32 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გადააწოდა.
ლე ფეს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. მას შეუძლია ითამაშოს უკნიდან, შეუძლია იკისროს შემტევი ნახევარმცველის როლი; „ნაპოლის” დღევანდელი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად პიოტრ ჟელინსკის ჰგავს.
ლე ფე გარდა იმისა, რომ „ლორიანის” აკადემიის აღზრდილია, ქალაქის პირმშოა. ის 2000 წლის 3 თებერვალს ლორიანში დაიბადა და ბავშვობაში რიგ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან მოუხდა გამკლავება. ლე ფეს ფეხბურთის სიყვარულმა უშველა — 2019 წლის დეკემბერში „ლორიანთან” პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. მას მერე ფეხბურთელმა საოცარი პროგრესი განიცადა, ხოლო გუნდის მწვრთნელად კრისტოფ პელისიეს მისვლის შემდეგ ძირითადი შემადგენლობის წევრიც გახდა.
ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველი ტექნიკური ფანტაზისტაა. მას ქვეყნის 21 წლამდელთა ნაკრებში იძახებენ. მისი პროგრესი შეუმჩნეველი არც პრემიერლიგის გუნდებს დარჩენიათ. ლე ფეს შეძენით დაინტერესებულები არიან „ლესტერ სიტი”, „ფულემი” და „ვულვერჰემპტონი”, მაგრამ როგორც ამბობენ, „ნაპოლი” ყველაზე დიდ ინტერესს იჩენს.
„ლორიანთან” ლე ფეს კონტრაქტს ვადა 2024 წელს გაუდის და თუ იტალიაში გადაბარგდება, სადაც ენზოდან ენცოდ გარდაიქმნება, შესაძლოა „აძურის” გაძლიერებაში საინტერესო წვლილი შეიტანოს.