ბათუმის მარცხი და ლომის ზავი

Home კატეგორიის გარეშე ბათუმის მარცხი და ლომის ზავი
ბათუმის მარცხი და ლომის ზავი

No description available.„რაგბი ევროპის“ სუპერთასის მეორე ტური საკმაოდ საინტერესო მატჩებით აღინიშნა. დასავლეთ კონფერენციაში ფავორიტებმა, პორტუგალიურმა „ლუზიტანუშმა“ ბელგიურ „ბრიუსელს  დევილზს“ ასტრონომიური ანგარიშით – 95:0 გადაუარა, ხოლო ესპანურმა „იბერიანსმა“ ჰოლანდიურ „დელტას“ ერთობ მოკრძალებულად – 22:7 სძლია, რის შედეგადაც ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში სწორედ ორი პირენეური ფრენჩაიზი ჩაუდგა 9-9 ქულით.

აღმოსავლეთში კი სიტუაცია საკმაოდ ჩაიხლართა. ჯერ იყო და, „ბათუმმა“ საკმაოდ კარგი პირველი ტაიმის შემდეგ ბუქარესტში ადგილობრივ „ვულვზსთან“ 15:37 განადგურდა, ხოლო „შავი ლომი“ ქუთაისში ისრაელის „თელ ავივ ჰითს“ 25:25 დაუზავდა. სამხრეთაფრიკელებითა და ფიჯელებით დაკომპლექტებულმა სტუმარმა არათუ დიდი წინაამდეგობა გაუწია პირველ ქართულ ფრენჩაიზს, არამედ გამარჯვებასთან უფრო ახლოსაც იყო, თუმცა საბოლოოდ ქართველებმა მაქსიმუმი გამოწურეს შექმნილი კრიტიკული სიტუაციიდან და 2 ქულაც მიითვალეს.

2 ტურის შემდეგ აღმოსავლეთში „შავი ლომი“ ლიდერობს, რომელსაც 7 ქულა აქვს, მას ქულით „თელ ავივ ჰითი“ ჩამორჩება, „როუმენიან ვულვზს“ 5 ქულა აქვს, ხოლო საქართველოს ჩემპიონ „ბათუმს“ ქულა ჯერ არ მოუპოვებია.

ზღვისპირელებს ამის შანსი 25 სექტემბერს ბათუმში მიეცემათ, სადაც „თელ ავივ ჰითს“ უმასპინძლებენ. შეხვედრა დღის 3 საათზე დაიწყება. ზუსტად ერთი საათის შემდეგ ქუთაისში სტარტს „შავი ლომისა“ და რუმინული „ვულვზის“ თამაში აიღებს. მოკლედ, მთავარი მოვლენები მხოლოდ ახლა იწყება.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.